სერგეი შამბა: რუსეთს აფხაზური რკინიგზის მიმართ ინტერესი არ აქვს
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა ამბობს, რომ ამჟამად რუსეთი აფხაზეთის გავლით რკინიგზის გახსნით არ არის დაინტერესებული, რადგან მან ჩრდილოეთ კავკასიის გავლით აზერბაიჯანსა და სომხეთში გასასვლელი გახსნა.
შამბა აფხაზ პოლიტიკოსებს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ისინი, ერთი მხრივ, ამბობენ, რომ “საქართველოსთან არანაირი ურთიერთობა არ სურთ, მეორე მხრივ, ერთხმად” მიმართავენ დახმარებისთვის რუსეთის დუმას, რათა დაეხმაროს რეგიონის გახსნაში. აქ საუბარი მხოლოდ ორ “სახელმწიფოზეა – რუსეთსა და საქართველოზე, სხვა საზღვარი არ გვაქვს”, – აცხადებს შამბა.
ამ კონტექსტში მისთვის გაუგებარია აფხაზი პოლიტიკოსების მიდგომა, როდესაც ისინი “ამბობენ, რომ ჯერ აღიარონ და მერე გავმართავთ მოლაპარაკებას. უკაცრავად, მაგრამ აღიარებისთვისაც არის აუცილებელი მოლაპარაკება”.
ამის შესახებ მან ადგილობრივ მედიას ინტერვიუში განუცხადა.
“ერთი მხრივ, ვამბობთ, რომ საქართველოსთან არანაირი ურთიერთობა არ გვინდა, მეორე მხრივ, პარლამენტი ერთხმად მიმართავს რუსეთის დუმას და სთხოვს, რეგიონის გახსნაში დაეხმაროს, რომ რუსეთის გარდა სხვა ქვეყნებთანაც იყოს ურთიერთობა. ტექსტში ეს ორჯერ-სამჯერ მეორდება. რომელ სხვა ქვეყნებზე მიდის საუბარი, თუ საქართველოსა და რუსეთის გარდა საზღვარი არავისთან არ გვაქვს?! მათი მესმის და მხარს ვუჭერ. საუბარია იმაზე, რომ თუ იხსნება სატრანსპორტო დერეფნები, რომლებსაც დღეს რეგიონში არსებული ვითარების გაჯანსაღება შეუძლია და თუ არის აფხაზური და ქართული ინტერესი, შეიძლება საკითხის განხილვა.
ჩვენი ერთ-ერთი პრივილეგირებული მდგომარეობა ისაა, რომ ისეთ რეგიონში ვიმყოფებით, რომლის გავლით სხვადასხვა გზა მიდის და სატრანზიტო ვაჭრობაზე კარგ ფულსაც ვიშოვით. ოდესღაც საკითხზე რუსეთ-ქართულ-აფხაზური კომისია იქმნებოდა, თუმცა, ამას შედეგი არ მოჰყოლია. მაშინ ასე მესმოდა, რომ საკითხის მიმართ საქართველოს ინტერესი არ აქვს, რადგან მათ აძლევენ დირექტივას, რომ რუსეთი რეგიონიდან ჩამოხსნან”, – თქვა შამბამ.
ჟურნალისტის რეპლიკაზე იმის შესახებ, რომ ამჟამადაც “საქართველოს ასეთი სურვილი არ გააჩნია”, შამბა ამბობს – “ვითარება, შესაძლოა, ახლა იცვლება, რადგან რუსეთი მაინც გადის ჩრდილოეთ კავკასიის გავლით აზერბაიჯანსა და სომხეთზე. თუმცა, ალტერნატიული შესაძლებლობების არსებობა ყოველთვის სასიამოვნოა. შესაძლოა, რუსეთი ოდესღაც ამაში იქნება დაინტერესებული. ჩემთვის გაუგებარია, როდესაც ამბობენ, რომ ჯერ აღიარონ და მერე გავმართავთ მოლაპარაკებას. უკაცრავად, მაგრამ აღიარებისთვისაც არის აუცილებელი მოლაპარაკება”, – ამბობს შამბა.