არჩილ თალაკვაძე: განვაგრძობთ მოლაპარაკებებს და პრემიერმინისტრის ვიზიტის შემდეგ პროცესებს ვნახავთ
“ბატონი დანიელსონი ამ პროცესში დარჩება, როგორც მედიატორი – ჩვენი პოზიცია, დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირსაც კარგად ესმის” – აღნიშნული განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები გაგრძელდება და პრემიერმინისტრის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ საზოგადოება პროცესებს დაინახავს.
„რასაკვირველია, მოლოდინი გვაქვს, რომ ეს პროცესი თანმიმდევრულად გაგრძელდება. ბატონი დანიელსონი დარჩება ამ პროცესში, როგორც მედიატორი. ამ ეტაპზე დამატებით პუნქტებზე ჩვენ მსჯელობა არ გვქონია. სულ რაღაც ორი დღეა, რაც ევროკავშირის მედიაციით ვსაუბრობთ, ვფიქრობთ, რომ პოზიციები მნიშვნელოვან საკითხებზე დაახლოვდეს, შევთანხმდეთ. ჩვენი პოზიცია, დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირსაც კარგად ესმის. განვაგრძობთ მოლაპარაკებებს და პრემიერმინისტრის ვიზიტის შემდეგ პროცესებს ვნახავთ“, – განაცხადა თალაკვაძემ.