ირაკლი კობახიძე: კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით კიდევ ერთი პროდუქტიული შეხვედრა გაიმართა
“ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კრისტიან დანიელსონის მონაწილეობით კიდევ ერთი პროდუქტიული შეხვედრა გაიმართა.
მისი თქმით, ბევრი მიმართულებით არის წინსვლა, თუმცა, დისკუსიები პრემიერის ბრიუსელში ვიზიტის შემდეგაც გაგრძელდება.
„გვქონდა კიდევ ერთი პროდუქტიული დისკუსია ჩვენს პარტნიორებთან ერთად, განვიხილეთ ყველა საკითხი, რომელიც უკავშირდება დიალოგსა და შესაძლო შეთანხმებას. წინ წავიწიეთ ბევრი მიმართულებით, თუმცა, გაგრძელდება დისკუსიები პრემიერის ვიზიტის შემდეგაც, გარკვეული საკითხები საჭიროებს დამატებით შეთანხმებას, დამატებით დაზუსტებას და დიალოგი უნდა გაგრძელდეს. იქედან გამომდინარე, რომ მოლაპარაკებები გასაგრძელებელია, ჩვენ ახლაც მოვერიდებით დეტალების გამჟღავნებას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.