ირაკლი ღარიბაშვილი: OMV Petrom-ის საქართველოში შემოსვლა იმის დადასტურებაა, რომ ქვეყანაში არის ძალიან კარგი ბიზნესგარემო
“მინდა, გამოვეხმაურო გუშინდელ შეთანხმებას, რომელიც გააფორმა ეკონომიკის მინისტრმა – ქალბატონმა ნათია თურნავამ ერთ-ერთ უდიდეს ავსტრიულ კომპანია OMV Petrom-თან, რომელიც საქართველოში შემოვიდა”, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ავსტრიული კომპანიის ინტერესი, რომ საქართველოში დაიწყოს გაზის ძებნა-ძიების სამუშაოები, მიუთითებს, რომ ქვეყანაში კარგი ბიზნესგარემოა. „მოგეხსენებათ, ჩვენ გუშინ გავაფორმეთ კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების სამუშაოების დაწყებას საქართველოში, შავი ზღვის აკვატორიაში. მინდა, კიდევ ერთხელ სიხარულით აღვნიშნო ეს ფაქტი. როდესაც ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიც არის OMV Petrom-ი, გამოხატავს სრულ მზაობას, ძალიან მალე დაიწყოს პირველი ფაზის განხორციელება საქართველოში, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში არის ძალიან კარგი ბიზნესგარემო”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.