სემეკ-ში ნეტო აღრიცხვის სიახლეებზე შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით ნეტო აღრიცხვის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
როგორც ,,კვირას” სემეკ-იდან აცნობეს, შეხვედრას ესწრებოდნენ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობაზე, მონტაჟსა და ექსპლუატაციაზე მომუშავე კომპანიების წარმომადგენლები. სემეკის თავმჯდომარემ და წევრებმაშეხვედრის მონაწილეებს გააცნეს სემეკის მიზანი ნეტო აღრიცხვის განვითარების ხელშეწყობასთან დაკავშირებით, იმსჯელეს ახალი ენერგეტიკული ბაზრის სიახლეებზე, რომელიც 2021 წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება, მოისმინეს კომპანიების მოსაზრებები.
,,ნეტო აღრიცხვა ელექტროენერგიის გამომუშავებაში განახლებადი ენერგიების (მზე, ქარი, წყალი) გამოყენების ერთ-ერთი პოპულარული მიმართულებაა, რომელიც საქართველოში სემეკის ძალისხმევით დაინერგა. საკუთარი მოხმარებისათვის, ერთ მომხმარებელსან მომხმარებელთა ჯგუფს, ნებისმიერ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს შეუძლია ელექტროენერგია გამოიმუშაოსმიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის საშუალებით, რომლის დადგმული სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 500 კილოვატს; ჭარბად გამომუშავებული ელექტროენერგია მიაწოდოს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელს, რომლშიც არის ჩართული ელექტროსადგური; საჭიროების შემთხვევაში, მიიღოს ქსელიდან ენერგია. გამანაწილებელი ქსელისთვის მიწოდებული და ქსელიდან მოხმარებული ელექტროენერგიის გაქვითვა და ანგარიშსწორება წელიწადში ერთხელ, მაისში ხორციელდება.
მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, შესაძლოა, არ წარმოადგენდეს პირის საკუთრებას. სადგურით სარგებლობა შესაძლებელია დროებით მფლობელობაში, ხელშეკრულების საფუძველზე იჯარის, ლიზინგის ან სხვა ფორმით. ამასთანავე, სადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოება და წარმოებული ელექტროენერგიის მოხმარება შესაძლებელია ხდებოდეს სხვადასხვა ადგილას.
„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირი, რომელიც სარგებლობს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროსადგურით, გათავისუფლებულია ელექტროენერგიის სასისტემო და ბაზრის ოპერირების მომსახურების საფასურის გადახდისგან.
ამჟამად, სს „თელასისა“ და სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელებში ჩართულია 243მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური. აქედან 94 სადგური სს „თელასის“ ქსელში, ხოლო 149 სადგური – სს „ენერგო პრო ჯორჯიას“ ქსელში. ჯამური დადგმული სიმძლავრე შეადგენს 3 849 კვტ-ს,”- ნათქვამია სემეკ-ის ინფორმაციაში.