დავით მირცხულავა: გავრცელებული ფსევდოდოკუმენტური ფილმი მიზნად ისახავს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას, ,,ნამახვანიჰესის” საწინააღმდეგო განწყობების დამკვიდრებას

“სოციალური ქსელებით გავრცელებული ფსევდოდოკუმენტური ფილმი მიზნად ისახავს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას ზოგადად ჰესების წინააღმდეგ, მათ შორის, ,,ნამახვანიჰესის” საწინააღმდეგო განწყობების დამკვიდრებას”, – ამის შესახებ ენერგეტიკის ყოფილი მინისტრი, დავით მირცხულავა სოციალურ ქსელში წერს.

მირცხულავა აღნიშნული ფილმის შესახებ საუბრობს და გრავიტაციული კაშხლების შესახებ განმარტებებს აკეთებს.

,,სოციალური ქსელებით გავრცელდა ქვემოთ მოყვანილი ფსევდოდოკუმენტური ფილმი, რომელშიც არასწორად არის წარმოდგენილი მსოფლიოს სხვადასხვა ჰიდროელექტროსადგურში, კაშხლებზე მომხდარი ავარიები. ფილმი არაინფორმირებულ აუდიტორიაზეა გათვლილი და მიზნად ისახავს მცდარი ინფორმაციის გავრცელებას ზოგადად ჰესების წინააღმდეგ, მათ შორის, ნამახვანიჰესის საწინააღმდეგო განწყობების დამკვიდრებას. ზოგადად, ჰესების წინააღმდეგ ბრძოლამ არნახული მასშტაბები მიიღო ჩვენს ქვეყანაში და მიმაჩნია, მსმენელმა და მაყურებელმა აუცილებელია, მიიღოს ობიექტური და არა – სიცრუეზე დაფუძნებული ინფორმაცია. მე ნამდვილად მჯერა, რომ ჰესები ამ ქვეყნის მომავალი ენერგეტიკის საფუძველია. ისიც ვიცი კარგად, რომ თუ ჩვენ ჰიდრორესურს მდგრადი განვითარების პრინციპებიდან გამომდინარე არ ავითვისებთ, ნამდვილად არ გვექნება შესაძლებლობა და ძალიან შეზღუდული ვიქნებით, ტექნიკურად სრულად ავითვისოთ ჩვენი სხვა განახლებადი რესურსი ქარი და მზე.

გამომდინარე იქედან, რომ მსგავსი ფილმი არ არის ერთადერთი „არგუმენტი“, რომელიც ნამახვანის ჰესის პროექტის მოწინააღმდეგეთა მონაწილეობით ვრცელდება, მიზანშეწონილად მივიჩნიე, განმარტება გამეკეთებინა თითოეულ შემთხვევაზე, რაზეც ფილმშია საუბარი.

კიდევ ერთხელ ცალსახად ვამბობთ, რომ გრავიტაციული კაშხალი სტატისტიკით ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო კონსტრუქციაა მსოფლიოში ამ ტიპის ნაგებობებს შორის. 1963 წლიდან ცნობილი „ვაიონტის“ ავარიის შემდეგ მსოფლიოში არ დაფიქსირებულა 100 მეტრზე მაღალი ბეტონის კაშხლის ნგრევის არცერთი შემთხვევა. ფსევდოდოკუმენტურ ფილმში ნახსენები გრავიტაციული კაშხლები არ არის გრავიტაციული, არამედ გრუნტის მასალის(მიწის) კაშხლებია, ან თუ გრავიტაციულ კაშხალზე საუბარი იქ არ მომხდარა კაშხლის ნგრევა და ავარია დაკავშირებული იყო სხვა გარემოებებთან, რომელთა შესახებაც დეტალური ინფორმაციის მიღება დაინტერესებულ პირებს ინტერნეტის მეშვეობით დამოუკიდებლადაც შეუძლიათ და ამის შესახებ უამრავი მასალაა.

განმარტება ტყუილზე # 1 – ჩინეთში სამი ხეობის კაშხალი არ დანგრეულა და ის დღემდე გამართულად მუშაობს;
განმარტება ტყუილზე # 2 – რუსეთში მდინარე, ენისიეზე მდებარე საიანო – შუშოენსკოეს ავარია კაშხლის ნგრევამ არ გამოიწვია. აღნიშნული ჰესის მეორე აგრეგატი მას შემდეგ დაიშალა, რაც ტურბინას წესების დარღვევით რეაბილიტაციის შემდეგ დამონტაჟებული ხუფი მოძვრა. აგრეგატის მწყობრიდან გამოსვლის გამო სამანქანო დარბაზი წყლით გაივსო. აღნიშნული თაღოვან-გრავიტაციული კაშხალი დღესაც აგრძელებს ფუნქციონირებას
განმარტება ტყუილზე # 3 – ლაოსში დანგრეული კაშხალი არის გრუნტის და არა გრავიტაციული და ეს დიდი სხვაობაა.
განმარტება ტყუილზე # 4 – კალიფორნიაში მდინარე ოროვილზე მდებარე კაშხალიც არის გრუნტის კაშხალი და არა გრავიტაციული.
განმარტება ტყუილზე # 5 -ცნობისათვის იტალიაში მდებარე ვაიონტის კაშხალი არის თაღოვანი და არა გრავიტაციული.
განმარტება ტყუილზე # 6 – კაშხალი კოლუმბიაში ასევე არის გრუნტის კაშხალი და არა გრავიტაციული.
განმარტება ტყუილზე # 7 – პუერტო რიკოში გუაჯატაკას კაშხალიც არა გრავიტაციული, არამედ გრუნტის კაშხალია.
მაღალი კაშხლების საერთაშორისო კომისიის მიერ მომზადებული კაშხლებზე ავარიების სტატისტიკული ანალიზის თანახმად, მსოფლიოს ისტორიაში სულ დაფიქსირებულია გრავიტაციული კაშხლების დანგრევის 59 შემთხვევა. კაშხლების დანგრევის მიზეზები შეიძლება იყოს შემდეგი: ფუძის პრობლემები, ფუძის შიდა ეროზია, სტრუქტურული გაუმართაობა და სხვ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბეტონის კაშხლებზე, რომელთა სიმაღლეც აჭარბებს 100 მეტრს, როგორც მაღლა აღვნიშნე 1963 წლიდან არ დაფიქსირებულა მათი დანგრევის არცერთი ფაქტი. (ICOLD Incident database Bulletin 99 update,Statistical analysis of dam failures.Committee on Dam Safety International Commission on Large Dams (ICOLD) 2019)
ნამახვანისა და ნებისმიერი კაშხლის მშენებლობისათვის აუცილებელია მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის მუდმივი მონიტორინგი და ზედამხედველობა და ეს უნდა განხორციელდეს როგორც პროექტირების, ასევე, მშენებლობისა და ექსპლუატაციის ეტაპზე. საზედამხედველო ფუნქცია, პირველ ყოვლისა, სახელმწიფოს მხრიდან უნდა განხორციელდეს და ეს მისი ფუნქციაა. საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებით უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ამ ტიპის მშენებლობაზე მიღებულია პრაქტიკა, როცა სახელმწიფოს და დეველოპერის მიერ ინიცირებულია დამატებით პროექტის ქვეყნისათვის მნიშვნელობიდან გამომდინარე საზედამხედველო საერთაშორისო კომიტეტის შექმნა, სადაც მსოფლიოში საუკეთესო სხვადასხვა სპეციალობის მეცნიერები (ჰიდროინჟინერი, გეოლოგი, ჰიდროლოგი და ასე შემდეგ) ქმნიან მუდმივმოქმედ ჯგუფს და იძლევიან შესაბამის დასკვნებს პროექტთან მიმართებით, ნებისმიერ საიჟინრო გადაწყვებილებასთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება ნაგებობების უსაფრთხოებას ან გარემოსდაცვით პრობლემას”, – წერს დავით მირცხულავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები