როგორ გაიტანეს თბილისიდან ეროვნული საგანძური 1921 წელს

ამ კრეისერით გადაიტანეს ეროვნული განძი ბათუმიდან კონსტანტინეპოლში

ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია საზოგადოებას ცნობილი ქართველი ემიგრანტების შესახებ ბევრ საინტერესო ცნობას აწვდის და მათ ადამიანურ ისტორიებს უზიარებს. ამჯერად გვერდზე საქართველოდან ეროვნული საგანძურის გატანის შესახებ გარკვეული დეტალები გამოქვეყნდა. ყველაფერი 1921 წლის 19 თებერვალს დაიწყო…


როცა საოკუპაციო ჯარები საქართველოს ხუთი მხრიდან უტევდნენ, 1921 წლის 19 თებერვალს დემოკრატიული საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ დაიბარა დამფუძნებელი საბჭოს წევრი, პროფესორი ექვთიმე თაყაიშვილი და სთხოვა, სახაზინო ქონების და სამუზეუმო საგანძურის ევაკუაციის მიზნით, ჩაეწყოთ ისინი ყუთებში და გადაეტანათ დასავლეთ საქართველოში.

მუზეუმების დირექტორებმა 20-21 თებერვალს დაცულ კონტეინერებში განათავსეს ეროვნული საგანძური. ექვთიმე თაყაიშვილმა ადგილებზე მიაკითხა მათ სატვირთო მანქანით, აღწერა და 24 თებერვალს ტვირთი თბილისიდან ქუთაისში ჩაიტანეს.

სამუზეუმო ნივთების მეთვალყურეობა ნ. ყ ი ფ ი ა ნ მ ა, საქართველოს (ყოფ. კავკასიის) მუზეუმების გამგემ გააყოლა ჩვენგან კარგად ცნობილი ი ო ნ ა თ ა მ ა შ ვ ი ლ ი, რომელმაც მოგვიტანა წერილობითი დამოწმება, რომ ქუთაისის ხაზინამ უკლებლად მიიღო გაგზავნილი სამუზეუმო ნივთები. ის დამოწმება ყიფიანმა მე მაჩვენა. როდესაც შემდეგ ჩვენ, დამფუძნებელი კრების ყველა წევრი ჩავედით ქუთაისში, ფინანსთა მინისტრმა, კონსტანტინე კანდელაკმა მთხოვა გადამერჩია იქაურ ხაზინაში შენახული, გელათის მონასტრის ნივთები და გამომეყო, თუ რა იყო მათში სამუზეუმო და რა არა. – იგონებს ექვთიმე თაყაიშვილი.

გავიდა რამდენიმე დღე და ამასობაში წითელი არმია ქუთაისს მიუახლოვდა. თბილისიდან გამოქცეული და დასავლეთ საქართველოში მყოფი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანძურით სავსე დახარისხებული ყუთები ბათუმში უნდა ჩაეტანათ. დამფუძნებელი კრების წარმომადგენლად ექვთიმე თაყაიშვილი, ხოლო მთავრობის წარმომადგენლად – ფინანსების და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის ამხანაგი (მოადგილე) იოსებ ელიგულაშვილი დაინიშნა.

1-2 მარტს ექვთიმე თაყაიშვილმა და იოსებ ელიგულაშვილმა უკვე იცოდნენ, რომ როცა საქართველოს ქონებას ბათუმში ჩაიტანდნენ, საფრანგეთის კრეისერზე უნდა ჩაეტვირთათ და წაეღოთ უცხოეთში.

ქუთაისის ხაზინაში დიდძალი ქონება იყო დაგროვილი, წასაღები: ხაზინისა, მუზეუმებისა და ეკლესიებისა. მუზეუმთა ნივთები ქუთაისის ხაზინამ უკვე ჩალაგებული და გამზადებული მიიღო, ხოლო საეკლესიო ნივთები, კ. კანდელაკის თხოვნითა და ეკლესიისა და ხაზინის წარმომადგენელთა თანდასწრებით, გადავარჩიე. რაც სამუზეუმო იყო — ჩავაწყე, რაც არა — მიტროპოლიტ ნაზარის მიერ დანიშნულ წარმომადგენელს ეკლესიისას ჩავაბარე სიით და ხელიც მოვაწერინე, რომ მიიღო. -იხსენებს ექვთიმე თაყაიშვილი.

ამის შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილი აგრძელებს დეტალურ თხრობას და აღწერს:

კ. კანდელაკმა, მე, იოსებ ელიგულაშვილმა და ტფილისის ხაზინის გამგემ, ბეკმა მთელი ღამე გავატარეთ ქუთაისის ხაზინაში, რომ ნივთები ჩაგველაგებინა, დაგვებეჭდა და ვაგზალზე გასაგზავნად გაგვემზადებინა. გადაწყვეტილი იყო, რომ ის მატარებელი, რომლითაც ნივთები იგზავნებოდა, ქუთაისიდან ბათუმის მიმართულებით უნდა გამოსულიყო ღამე, გათენებამდის… ამიტომ დიდი მუშაობა დაგვჭირდა, რომ მოგვესწრო. ყუთებს ხაზინის საერთო ნუმერაცია გაუკეთეს, რომ უფრო სწორი ანგარიში გვქონოდა. -მოგვითხრობს ექვთიმე თაყაიშვილი.

ამის მერე ყუთები დაუთვლიათ და სადგურში გაუგზავნიათ სატვირთო მანქანით. ქუთაისის სადგურში იყვნენ იოსებ ელიგულაშვილი და ხაზინის უფროსი ბეკი, მათთან მიჰქონდათ ყუთები და ბარათები. ისინი კი მატარებლის ვაგონში ათავსებდნენ და ექვთიმესთან ატანდნენ ბარათის ასლებს, თუ რომელი ყუთი ჩატვირთეს მატარებლის საცავში. როცა ეს პროცედურა დამთავრდა, ექვთიმე ცოლთან ერთად მივიდა სადგურში და მატარებელი ბათუმისკენ დაიძრა.

3 მარტს ეროვნული საგანძურით დატვირთული მატარებელი ბათუმში შევიდა.

5 მარტს დატვირთეს ფრანგული კრეისერი (“Ernest Renan”).

11 მარტს კრეისერი დაიძრა და 14 მარტს უკვე კონსტანტინეპოლში შევიდა.

ყუთები თვლით ჩავაბარეთ კრეისერს და შემდეგ იმავე რიცხვით მივიღეთ სტამბოლში და გადავაბარგეთ „Bien Hoa“-ზე. ასეთივე სათვალავით მივიღეთ მარსელში გემიდან მუზეუმის ყუთები. -ასე იხსენებს ექვთიმე თაყაიშვილი იმ მძიმე დღეებს. მის გვერდით იმყოფებოდნენ მეუღლე ნინო პოლტორაცკაია და ასევე, ფინანსების და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრის მოადგილე იოსებ ელიგულაშვილი.

 

ნაწილი I

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები