ემიგრაციიდან დაბრუნებულ მოქალაქეებს, გორში, ხელის ტრაქტორები გადაეცათ
ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, გორში, ხელის ტრაქტორები გადაეცათ. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით, ტექნიკა შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებმა 18-მა, ხოლო, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 80-მდე დაბრუნებულმა მიგრანტმა მიიღო.
“დაბრუნებულ მიგრანტთა რეინტეგრაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა თუ თვითდასაქმების ხელშეწყობისთვის, სხვადასხვა ტიპის ტექნიკა და ინვენტარი, ყოველწლიურად, 200-მდე მიგრანტს გადაეცემა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს პროგრამის მთავარ მიზანს რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს,”- ნათქვამია ინფორმაციაში.