ნანა კაკაბაძე: ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის ორმაგი სტანდარტი მოსახლეობაში, ხშირ შემთხვევაში, საბჭოეთის ნოსტალგიას იწვევს და მთლიანად სპობს პროდასავლურ განწყობებს

შარლ მიშელის ვიზიტის შემდეგ ქართულ პოლიტიკაში განვითარებულ მოვლენებზე, ოპოზიციის მიერ დაანონსებულ ფართომასშტაბიან აქციებზე, ზოგიერთი ევროპელი და ამერიკელი დიპლომატის მიერ გაკეთებულ კომენტარზე ,,კვირა“ უფლებადამცველ ნანა კაკაბაძეს ესაუბრა:

-ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ქართულ პოლიტიკურ სპექტრს მოსალაპარაკებლად 2-კვირიანი ვადა მისცა, თუმცა, როგორც ჩანს, ოპოზიცია მმართველ პარტიასთან მოლაპარაკებას მაინც არ აპირებს.

– ,,ოპოზიციამ“ ზუსტად იცის, რომ ქართველ ამომრჩეველში დასაყრდენი არ აქვს მიუხედავად იმისა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებში 62-მა ოპოზიციურმა პარტიამ 52% მიიღო. ქართული მენტალობა, მოგეხსენებათ, ბიძაშვილი, ახლობელი და მეზობელი ყველას ჰყავს და ამ 62-მა პარტიამაც ასეთი მხარდაჭერა მხოლოდ ახლობელ-მეგობრებისგან მიიღო, რომელიც რეალურ ოპოზიციურ განწყობას ნამდვილად ვერ ასახავს. საქართველო ამერიკა არ არის, სადაც ორი ძირითადი პარტია ელექტორატის მყარი მხარდაჭერით სარგებლობს. ასე რომ, ოპოზიციური 52%-იანი მხარდაჭერა მხოლოდ მითია, რომელიც საზოგადოებამაც და ოპოზიციამაც კარგად იცის. წლების განმავლობაში ყველამ კარგად გაიცნო ქართული ოპოზიცია და რადგან ამომრჩევლის სიმპათიით ,,ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან გაიგივებული პარტიები არ სარგებლობენ, ამიტომაც, მათ პოლიტიკური ბრძოლის სხვა გზა აირჩიეს. ქართული ოპოზიცია ქირაობს ლობისტურ ორგანიზაციებს, უამრავ ფულს ხარჯავს დასავლელი პოლიტიკოსების მოსასყიდად, რათა მათ გარედან მხარი დაუჭირონ ოპოზიციას, ამ მხარდაჭერით კი სერიოზულად იმოქმედონ ხელისუფლებაზე.

-დასავლელი პოლიტიკოსების პოზიცია რამდენად ასახავს თავად დემოკრატიული ქვეყნების ოფიციალურ პოზიციას?

-რასაკვირველია, მათი განცხადებები მხოლოდ ინდივიდურ ინიციატივად რჩება და მას საერთო არაფერი აქვს დასავლური სახელმწიფოების ოფიციალურ პოზიციასთან. ოპოზიციის ,,თანამშრომლობა“ ცალკეულ პოლიტიკოსებთან, დიდი ალბათობით, კორუფციულ სქემაზეა აწყობილი, თუმცა, ამგვარი არაოფიციალური განცხადებებიც კი საზოგადოების განწყობაზე მაინც უარყოფითად მოქმედებს. ჩნდება ეჭვი ორმაგ დასავლურ სტანდარტზე და მოსახლეობას აიძულებს, ნეგატიურად განეწყოს დასავლური დემოკრატიისადმი. ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის ასეთი დაუმსახურებელი მხარდაჭერა ქართული ოპოზიციის ლიდერების მიმართ, რომელიც ძირითადად კორუფციითაა მიღწეული, ნეგატიურად აისახება ქართველ ამომრჩეველსა და ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ევროპელთა ორმაგი სტანდარტი მოსახლეობაში, ხშირ შემთხვევაში, საბჭოეთის ნოსტალგიას იწვევს და მთლიანად სპობს პროდასავლურ განწყობებს. ოპოზიციური ლიდერები და მათი აქტივი, 200-300-კაციანი მხარდამჭერების სახით, 5 ტელევიზიის საშუალებით ქმნიან შთაბეჭდილებას საზოგადოებრივი მხარდაჭერისა, რომელიც, სინამდვილეში, არ არსებობს.

-ოპოზიციის დაანონსებულ ფართომასშტაბიან აქციებზე, რატომღაც, ეს საზოგადოებრივი მხარდაჭერა არ ჩანს.

-ორი დღეა, სახელმწიფო კანცელარიასა და პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციებზე 60 კაციც არ იკრიბება. ამ რეალობით გავეშებული ოპოზიცია სახელმწიფო გადატრიალებას აანონსებს, თუმცა, საზოგადოების უარყოფითი პოზიცია იცავს ამავე საზოგადოებას ოპოზიციური ძალადობისგან.

-მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდა, ეძალადათ პოლიციაზე, სახელმწიფო სტრუქტურებზე, რომელი მათ არა ძალადობად, არამედ საზოგადოებრივ აქტიურობად ჩაუთვალა.

-ოპოზიცია ძალადობს პოლიციაზე, ფიზიკურადაც კი უსწორდება ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს. ყველამ კარგად ვნახეთ, ,,გავრილოვის ღამეს“ როგორ ართმევდნენ პოლიციელებს ფარებსა და ჯოხებს, როგორ ითრევდნენ აგრესიულ ბრბოში. მიუხედავად ამისა, რატომღაც, ქართული ოპოზიცია ისევ პროდასავლური იმიჯით სარგებლობს და ხელისუფლება დღემდე ვერ ახერხებს მათ დასჯას. რამდენიმე კვირის წინ ჩვენ ვნახეთ, როგორ მკაცრად დაისაჯა 250 ადამიანი და კონგრესმენიც კი ამერიკის შეერთებული შტატების კაპიტოლიუმში შეჭრისთვის. როდესაც ამ ფონზე ამერიკელი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოზე შტურმისთვის ბრალდებული ადამიანი არ უნდა დაისაჯოს იმიტომ, რომ ოპოზიციური ლიდერია და ეს მისი გამოხატვის თავისუფლება იყოო, ამგვარი ორმაგი სტანდარტი არყევს ქართველი ამომრჩევლის იმიჯს დასავლური ფასეულობების მიმართ და ხელ-ფეხს უხსნის რუსეთს საკუთარი ინტერესების გასატარებლად. ფაქტია, რომ სააკაშვილის 9-წლიანი მართველობის პერიოდში რუსულმა პოლიტიკამ საქართველოში სრულ გამარჯვებას მიაღწია. ამ პოლიტიკის გვირგვინი კი 2008 წლის ომი იყო, რომლის შედეგადაც ქვეყნის ტერიტორიის 22% რუსეთს გადაეცა. ის ტერიტორიებიც კი, რომელიც არასოდეს ყოფილა სადავო, მაგალითად – კოდორის ხეობა და 200-მდე სოფელი შიდა ქართლში, დღეს ოკუპირებულია. საქართველოს იმდროინდემა ხელისუფლებამ ისე ჩააბარა ,,ზემო აფხაზეთად“ სახელგადარქმეული კოდორის ხეობა რუსეთს, რომ სახელმწიფო დროშა კი არ წამოუღიათ, აბსოლუტურად უბრძოლველად, ტყვიაგაუსროლლად დათმეს პოზიციები და პოლიციის შენაერთები, უბრალოდ, გამოიყვანეს ხეობიდან. ყოველივე ამის შემდეგ, რუსული ინტერესების სრულად გამტარებელი ,,ნაციონალური მოძრაობა“ რატომღაც ისევ პროდასავლურ იმიჯს ინარჩუნებს.

-ოპოზიციის გააქტიურებას ქართული პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლას ხომ არ მიაწერთ?

-ბიძინა ივანიშვილი ჩამოშორდა ქართულ პოლიტიკას და თავისი ცხოვრების ჩვეულ რიტმსა და ბიზნესს დაუბრუნდა. მთავარი პოლიტიკური ფიგურის ჩამოშორებით სარგებლობენ საზოგადოებისგან იგნორირებული, მარგინალური პოლიტიკური ძალები და ცდილობენ, შტურმით ჩაიგდონ ხელისუფლება ხელში, რითაც ქვეყანა კიდევ უფრო დიდ კრიზისში გადაინაცვლებს. რეალური ოპოზიციური ძალა კი ქვეყანაში არა და არ ჩანს. თუ დემოკრატიულმა სამყარომ არ შეწყვიტა ქართულ პოლიტიკაში მარგინალური ძალების მხარდაჭერა, სრულიად დაკარგავს კონტროლს კავკასიაზე და რუსეთის წისქვილზე დაასხამენ წყალს. დღეის მდგომარეობით, აზერბაიჯანსა და სომხეთზე ჩრდილოელი მეზობელი სრულ კონტროლს ახორციელებს. საქართველო კი ერთადერთი სახელმწიფოა, რომლის მხარდაჭერის იმედიც დასავლეთს ჯერ კიდევ უნდა ჰქონდეს.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები