სოზარ სუბარი – როდესაც ფარულ ჩანაწერებს ვუყურებთ, არ გვიკვირს, ბევრი ოპოზიციონერი რატომ ვერ გამოდის სააკაშვილის ბრჭყალებიდან, სავარაუდოდ ბევრ მათგანზე არსებობს სწორედ ასეთი ჩანაწერები

სააკაშვილის მთელი ძალაუფლება ეყრდნობოდა ორ წყაროს, ერთი იყო პირდაპირი ძალადობა და მეორე, ფარული ჩანაწერები ყველა ადამიანზე, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, სოზარ სუბარმა გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით,  „პირველ არხთან”  საუბარში განუცხადა.

„პრაქტიკულად, ყველა ადამიანის საცხოვრებელ ბინაში ძვრებოდნენ, ყველა ადამიანს უსმენდნენ და რამდენიმე სხვადასხვა უწყება ახორციელებდა ამას. რაც არ უნდა უცნაური იყოს, თავდაცვის სამინისტროს, სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, ფინანსურ პოლიციას ჰქონდათ თავისი ფარული ჩაწერების სამსახურები, რომლებიც უსმენდნენ არა მხოლოდ სამსახურის შიგნით უკანონოდ, არამედ მთელ ქვეყანაში და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო მეტ ასეთ ჩანაწერს მოაგროვებდა, შემდეგ ამით აშანტაჟებდნენ ადამიანებს. ახდენდნენ ამის ფაბრიკაციას, დამონტაჟებას და მსგავსი ფაბრიკაციის ნიმუშია ის ჩანაწერი, რომელიც ახლა გამოაგდეს. მაშინ, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, აღმოვაჩინეთ ასეულობით ასეთი ჩანაწერი, ბევრი მათგანი იქნა გამოძიებული, ბევრი ადამიანი დაისაჯა, მაგრამ ძირითადი ნაწილი მაინც განადგურდა, რათა ერთხელ და სამუდამოდ გვეთქვა უარი ასეთ პრაქტიკაზე.

მაგრამ, სამწუხაროდ, ის ხელისუფლება, რომელმაც ეს შავი არქივი წაიღო, ამონტაჟებს და დღემდე აშანტაჟებს ადამიანებს. არ თქვეს უარი ამ მავნე პრაქტიკაზე და დღემდე აგრძელებენ ადამიანების დაშანტაჟებას. თუ ვისგან მოდის, მარტივად გამოჩნდა იმით, რომ ერთ-ერთი პირველი, ვინც გააზიარა, იყო სწორედ მიხეილ სააკაშვილი. როდესაც ამ ჩანაწერებს ვუყურებთ, არ გვიკვირს, ვხედავთ, ბევრი ის ოპოზიციონერი, რომელიც დღეს სხვანაირად ფიქრობს, რატომ ვერ გამოდის იმ ბრჭყალებიდან, რასაც სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ტერორი და ბულინგი ჰქვია, რადგან სავარაუდოდ ბევრ მათგანზე არსებობს სწორედ ასეთი ჩანაწერები“, – აცხადებს სოზარ სუბარი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები