ეუთო/ოდირი საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში რეკომენდაციებს აქვეყნებს

ეუთო/ოდირმა საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად რეკომენდაციებზეც არის საუბარი, რომელთა მიზანიც საქართველოს საარჩევნო სისტემის ეუთოსა და საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისობაში მოყვანა სახელდება. ოდირი საარჩევნო პროცესის გაუმჯობესებაში საქართველოს ხელისუფლებას დახმარების მზადყოფნას გამოთქვამს.

დოკუმენტში 8 პრიორიტეტული რეკომენდაციაა მოყვანილი:

1. სტაბილური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, უნდა გადაიხედოს კანონმდებლობა, რათა ის უფრო მეტად იყოს მოყვანილი ეუთოს ვალდებულებებთან, საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შეთანხმებაში, მომდევნო არჩევნებამდე ადრეულ პერიოდში და ინკლუზიური კონსულტაციების პროცესის ფარგლებში.

2. შესაძლოა გადაიხედოს საარჩევნო ადმინისტრაციის შემადგენლობა, მისი მიუკერძოებლობისა და დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით. შესაძლებელია წევრების დანიშვნის ფორმულის გადახედვა უფრო მეტად დაბალანსებული პოლიტიკური წარმომადგენლობის უზრუნველსაყოფად და ერთი პოლიტიკური პარტიის ფაქტობრივი დომინანტობის თავიდან ასაცილებლად

3. საარჩევნო კომიისიისადმი გამჭვირვალობისა და ნდობის გაზრდის მიზნით, ცენტრალურმა და საოლქო საარჩევნო კომისიებმა უნდა განიხილონ ყველა არსებითი საკითხის კოლეგიალურად და საჯარო სხდომებზე განხილვის საკითხი.

4. საარჩევნო პროცესისადმი საზოგადოების ნდობისა და ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფის დასაცავად, შესაბამისმა ორგანოებმა ამომრჩევლებისა და საარჩევნო კამპანიაში მონაწილე პირთა დაშინების შესახებ ბრალდებების გამოძიებისთვის სწრაფი და ეფექტიანი ნაბიჯები უნდა გადადგან

5. უნდა გადაიხედოს საარჩევნო დავების დარეგულირების სისტემა პროცესის გამარტივებისა და სამართლებრივი რეგულირების გაფართოების მიზნით, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოქალაქეების შესაძლებლობა საარჩევნო უფლებების დარღვევის შემთხვევაში შეძლონ საჩივრის შეტანა სამართლებრივი დაცვისთვის

6. საარჩევნო დავების დარეგულირების გამჭვირვალობისა და აღნიშნული პროცესისადმი ნდობის გასაზრდელად, ყველა საარჩევნო დავა კომისიების მიერ ​კოლეგიურად და ღია სხდომებზე უნდა განიხილებოდეს. საარჩევნო დავებთან დაკავშირებით ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის უზრუნველსაყოფად, კანონი უნდა ითვალისწინებდეს საარჩევნო ორგანოებისა და მათი წარმომადგენლების ყველა გადაწყვეტილებისა და ქმედებების (ან უმოქმედობის) სასამართლო განხილვის უფლებას.

7. არჩევნების შემდგომი საჩივრების განხილვის გამჭვირვალე, სამართლიანი და თანმიმდევრული პრაქტიკის უზრუნველსაყოფად, საარჩევნო კოდექსმა უნდა განსაზღვროს მკაფიო, ობიექტური კრიტერიუმები შედეგების ხელახლა გადათვლისა და ანულირებისთვის. საოლქო საარჩევნო კომისიები უნდა იყოს შესაბამისად დაკომპლექტებული და მომზადებული საჩივრების ეფექტიანად განხილვისთვის და ყველა წამოჭრილი ხარვეზის დეტალური გამოძიებისთვის.

8. უფასო საეთერო დროის დათმობისა და რეკლამისთვის თანხების გამოყოფის არსებული სისტემა უნდა გადაიხედოს, რათა ყველა კანდიდატი უზრუნველყოფილი იყოს კამპანიის წარმოების თანაბარი შესაძლებლობებით.

დოკუმენტში სხვა რეკომენდაციებიც არის მოყვანილი, მათ შორის საკანონმდებლო ჩარჩოსთან, საარჩევნო ადმინისტრაციასთან, საარჩევნო სუბიექტებისა და ასევე ამომრჩეველთა რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები