კოტე ფორჩხიძე: საითაც კეზერაშვილის ,,ქარი დაიქროლებს“, ბაქრაძე და უგულავა იქეთ გადაიხრებიან

ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებზე, მოლაპარაკებათა პროცესებზე, რომელიც პოზიციასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს, გეოპოლიტიკურ გავლენებზე, რომელიც ქართულ პოლიტიკურ სპექტრზე მოქმედებს – ,,კვირა“ ამერიკული ორგანიზაცია IMTD-ის ბორდის წევრს, უსაფრთხოების ექსპერტ კოტე ფორჩხიძეს ესაუბრა:

-ნიკა მელიას დაჭერის შემდეგ პოლარიზაციამ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. რამდენად სწორად მოიქცა ხელისუფლება ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დაჭერისას?

-,,ქართულ ოცნებას“ პარლამენტის შტურმში ბრალდებული ნიკა მელია რომ არ დაეჭირა, სახელმწიფო ჩამოეშლებოდა. დანაშაულისთვის ყველა უნდა დაისაჯოს, გინდა მელია იყოს და გინდა – ჩან კაიში. შთამბეჭდავი იყო, ,,გულადი“ ბიჭები რა მედგრად იცავდნენ საკუთარ ლიდერს ,,აუღებელ ციხესიმაგრეში“. ყველამ ერთად ვნახეთ, რა ,,გულადებიც“ აღმოჩდნენ ბოლოს, როდესაც განაცხადეს, მელია ოფისიდან ,,მოიტაცესო.“ მელიას ქცევაც არ იყო ადეკვატური. სანამ ოთახში არ შეუცვივდნენ, არ ჩაბარდა. ბოლოს განაცხადა: ხალხს გავუფრთხილდი და ,,ჩავბარდიო.“ თუ ჩაბარება უნდოდა, გარეთ გამოსულიყო, რას ან ვის ელოდებოდა? ეტყობა, მდგომარეობის მაქსიმალურად დაძაბვას…

-თუმცა, მოვლენები შემდეგ ისე განვითარდა, რომ დემოკრატიული ქვეყნების ზოგიერთმა ლიდერმაც ნიკა მელია პოლიტიკურ პატიმრად აღიარა.

-ხელისუფლებამ ნიკა მელიას საქმე სასამართლომდე უნდა მიიყვანოს. ,,ნაციონალური მოძრაობა“ დანაშაულებრივი სინდიკატია, რომლის წინააღმდეგაც უამრავი მტკიცებულება არსებობს. ეს არ არის პოლიტიკური ძალა კლასიკური გაგებით. ამ პარტიის წევრებმა დასავლური ღირებულებები შებილწეს. რუსეთმა მათი საშუალებით იმდენი იმუშავა დასავლეთის დისკრედიტაციაზე, რომ ოპოზიცია ქართული პოლიტიკური ველიდან გააქრო და დატოვა მხოლოდ ავტორიტარიზმი.

-,,ნაციონალური მოძრაობა“ რუსული ძალაა?

-მათი მოქმედებიდან აშკარაა, რომ ყველაფერი, რასაც ეს პარტია აკეთებს, რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, გია ბარამიძით დაწყებული, მათი პოლიტელიტის ნებისმიერი წევრით დამთავრებული. ბარამიძეს მისი რუსული კავშირები უნდა მოჰკითხონ. რატომ არავინ იძიებს აფრასიძეების საქმეს? თუ აფრასიძეები დამნაშავეები იყვნენ, მათთვის სიცოცხლე კი არ უნდა მოესპოთ, დაეჭირათ და ციხეში ჩაესვათ.  არც ზურაბ ჟვანიას საქმე მისულა ბოლომდე და გამოძიებას არ დაუსახელებია რეალური დამნაშავეები. მოკლედ, ,,ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტელიტითვის ჯერაც არავის მოუთხოვია პასუხი.

-თუმცა, აშკარა პრორუსული სახე, გრიგოლ ვაშაძე პარტიის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა.

– რუსულ სპეცსამსახურებს ,,ნაციონალური მოძრაობა“ ოპოზიციაში მოვლენების ესკალაციისთვის სჭირდება, გრიგოლ ვაშაძეს უბრძანეს – პოსტი დაეტოვებინა და ისიც სიტყვაშეუბრუნებლად დაემორჩილა ბრძანებას. რევოლუციურ სცენარში ჩართული რუსული სპეცსამსახურები, ვაშაძის სახით, ,,კუდებს“ სპობენ. დღეს ,,ნაციონალები“ ჯეფრი სილერმანისნაირ ლობისტებს ფულს უხდის იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებები გააკეთოს და ნიკა მელიასნაირი ადამიანები პოლიტპატიმრებად წარმოაჩინოს, თუმცა, არავის დაავიწყდეს, რომ ეს ოფიციალური ამერიკის პოზიცია არ გახლავთ და ის მხოლოდ კერძო პოლიტიკოსთა შეფასებებია. ახლა სააკაშვილი ცდილობს, მელიასგან თავისუფლებისთვის მებრძოლი ლიდერი გამოძერწოს. მელია სუფთაა იმ დანაშაულებისგან, რომლებიც ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნისას ჩაიდინა. თანაც პარტია ,,განაახლა“ და იქ ბევრი ახალი სახე მოიყვანა. პარლამენში შევარდნის ინსცენირება კარგად გათვლილი პროვოკაციაა. ყველას კარგად მოეხსენება, რომ საკანონმდებლო ორგანოში შევარდნით ხელისუფლების ცვლა არ მოხდებოდა.

-თუმცა, 2003 წელს სააკაშვილი სწორედ ამ გზით მოვიდა ხელისუფლებაში…

-2003 წლის სააკაშვილი პარლამენტში შევარდნაც რუსეთის დადგმული სპექტაკლი იყო. ამ დღიდან ძალიან მალე სააკაშვილი შეხვდა პუტინს და ორსაათ-ნახევრიანი დითირამბები უმღერა: თქვენი დიდი დახმარებით ქვეყანას სისხლისღვრა ავარიდეთო. არსებობს მიხეილ სააკაშვილისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის სტენოგრამული ჩანაწერები, როგორც დოკუმენტური მასალა. სწორედ ამ შეხვედრის მერე, რატომღაც, საქართველოი შემოდის ,,როსნეფტი“ და პუტინის მარჯვენა ხელი – სეჩინი და მის ხელში აღმოჩნდა დიდი ფინანსური აქტივი. ამ დროს გახდა ,,ცნობილი მილიონერი“ 2004 წლამდე იოსებიძის ქუჩაზე 3-ოთახიან ბინაში მცხოვრები – დავით კეზერაშვილი, რომელმაც სულ რაღაც 2 წელიწადში ბიუჯეტის ხარჯზე იმდენად დიდი ფული იშოვნა, რომ დღემდე აფინანსებს ოპოზიციურ ტელევიზიებს, აფინანსებდა ,,ევროპულ საქართველოს“, ახლა კი ისევ სააკაშვილის მხარეს აღმოჩნდა და ,,ნაციონალურ მოძრაობას“ აფინანსებს. მინდა, ვკითხო ოპოზიციის ლიდერებს: ბიძინა ივანიშვილია ოლიგარქი, კეზერაშვილი და ნაყოფია კი ,,მშვიდობის მტრედები“? ბიძინა ივანიშვილის ბიზნესით ნაშოვნ ფულს აქვს ,,სუნი“ და ქართული ხაზინის ქურდობით ნაშოვნ კეზერაშვილ-ნაყოფიას ფულს სუნი არ ასდის? სამხედრო დამნაშავე კეზერაშვილმა და მისმა დანაშაულებრივმა სინდიკატმა საქართველოში შემოიყვანა იარაღით უკანონოდ მოვაჭრე ალ ზაედი, რომელიც საერთაშორისო დამნაშავეთა მსოფლიო რეიტინგში მოწინავე ადგილს იკავებს. 2009 წლიდან საქართველოში უკანონო იარაღით ვაჭრობდა ცნობილი დამნაშავე – სლობოდან ტეშიჩი, რომელმაც ახლახან ყარაბაღის ომის დროს კვლავ ამოყვინთა, როგორც სომხეთისთვის იარაღის უკანონოდ მიმწოდებელი. ტეშიჩი 44-ეა გაერო-ს ცნობილ კრიმინალთა სიაში. სწორედ მასთან თანამშრომლობდა პრეზიდენტი სააკაშვილი წლების განმავლობაში. თავდაცვის სამინისტრო სწორედ სააკაშვილის უერთგულსი კრიმინალი მინისტრები განაგებდნენ, რომლებმაც ამერიკული სამხედრო დახმარება მთლიანად კონკრეტულ ჯიბეებში გადაინაწილეს. ამერიკელებს არც ის გამოჰპარვიათ, რომ სწორედ მათი სამხედრო დახმარებით დააგროვა საქართველოს პრეზიდენტმა დიდძალი ფული. ბაიდენის ადმინისტრაციამ თავდაცვის მინისტრს მოუსმინა, რომელმაც დემოკრატიულ მთავრობას ერთიანი სამხედრო ბლოკი შესთავაზა მოლდოვასა და უკრაინასთან. რაც შეეხება საქართველოს, თავდაცვის მინისტრმა თავი შეიკავა, რადგან როგორც ძველ, ისე ახალ ადმინისტრაციას კარგად ახსოვს, სააკაშვილის ხელისუფებამ ერთხელ უკვე როგორ შეჭამა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად გამოყოფილი თანხა.

-ოპოზიცია დღემდე აცხადებს, რომ დემოკრატიული სამყარო მათ მხარესაა და პროდასავლურ ძალად აღიარებულ ,,ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერს მხარს.

-,,ნაციონალური მოძრაობის“ პროდასავლურობაზე ჩვენ მთელი ინტერვიუს განმავლობაში ვისაუბრეთ. ეს და არამხოლოდ ეს ინფორმაცია კარგად მოეხსენება დასავლეთსაც და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ადმინისტრაციასაც. მათ ერთხელ უკვე მოუწოდეს ქუჩაში დარჩენილ, არჩევნებში გამარჯვებულ პარტიებს – შესულიყვნენ პარლამენტში, რაც მათ არ გააკეთეს. მე თუ მკითხავთ, ქართულმა ოპოზიციამ თამარ ჟვანიას მზე უნდა იფიცოს, 5%-იან ,,ნაციონალურ მოძრაობას“ 27%-იანი გამარჯვება რომ გაუფორმა… რატომ ვერ აწყობს მასობრივ აქციებს არჩევნებში 27%-ით გამარჯვებული პარტია, რატომ ვერ გამოჰყავს თანამოაზრეები ქუჩაში? იმიტომ, რომ მათ ამ რაოდენობის მხარდამჭერები არ ჰყავთ. სანამ კეზერაშვილი და ნაყოფია ამ პარტიის უკან იდგებიან, ქუჩის აქციებიც მანამდე გაგრძელდება, რომელსაც ხალხი არ გაჰყვება, რადგან ქართული ამომრჩეველი უკანასკნელი წლების განმავლობაში ძალიან გაიზარდა.

-ოპოზიცია საქართველოში ახალ ,,ეროვნული მოძრაობის“ დაარსებას აანონსებს.

-ვინ დაიწყებს ახალ ეროვნულ მოძრაობას? იქნებ, დევი ჭანკოტაძე, რომელმაც რუსული სამხედრო ძალით როხლინის მეთაურობით დაამხო ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ჭეშმარიტი ეროვნული მოძრაობა? ეროვნული მოძრაობის დამამხობელი დევი ჭანკოტაძე დღეს ,,ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიის მეხუთე ნომერია. უღმერთოთა ეროვნული მოძრაობა ვის გაუგია? ეს ბალაგანი ეროვნული მოძრაობის სახელს ვერაფრით მოირგებს. 50 მილიონის ქურდი გიგი უგულავასთვის, მკვლელი და ბიუჯეტის მძარცველი ვანო მერაბიშვილისთვის, საერთაშორისო დამნაშავე დავით კეზერაშვილისთვის კარგა ხნის წინ პასუხი რომ მოეთხოვათ, დღეს ამდენსა ვერ გაბედავდნენ.

-ქართულ ოპოზიციურ სპექტრში დასავლური ორიენტაციის ლიდერებს გამორიცხავთ?

-არა, რა თქმა უნდა, თუმცა, მათი უმრავლესობა რუსული სახელმწიფოს გავლენის აგენტებითაა დაკომპლექტებული. კეზერაშვილისა და მისი დაფინანსებული ტელევიზიების პარტონი რუსეთია, ბოკერიასი – ამერიკელები. ამიტომაც, კეზერაშვილი და ბოკერია ერთ ტაფაში ვერ მოიხრაკებიან. ბოკერია სააკაშვილის პარტიის იდეოლოგიური მანქანა იყო, კარგი თუ ცუდი, ეს სხვა საქმეა. კეზერაშვილს კი რა იდეოლოგია შეიძლება, გააჩნდეს, გარდა ფინანსურისა? რაც შეეხება ,,ევროპული საქართველოს“ პარტიის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს, ის პარტიიდან პარტიაში მხოლოდ ფულს დაჰყვება წინ და უკან. საითაც კეზერაშვილის ქარი დაუბერავს, ბაქრაძე და უგულავაც იქეთ გადაიხრებიან. რაც შეეხება ქართულ ოპოზიციურ მედიას, არ შეიძლება, წამყვანისა და ჟურნალისტად მომუშავე ადამიანის ბეგრაუნდი წარსულში ცნობილ დანაშაულებებს უკავშირდებოდეს. სწორედ ასეთი ,,ჟურნალისტების“ კოჰორტაა დღეს ქართულ ჟურნალისტიკაში, რომლებიც ყოველ დღე აბულინგებენ მაყურებელს. რაც უნდა წელებზე ფეხი დაიდგას გვარამიამ, რაც უნდა ბოლო ხმაზე იკივლოს და იწივლოს, სააკაშვილს საქართველოში მაინც ვერ დააბრუნებს იმ ყოფილ პრეზიდენტს, რომელმაც საკუთარი სამშობლოს მოქალაქეობაზე თქვა უარი. წარმოგიდგენიათ, ტრამპმა რომ ამერიკის მოქალაქეობაზე განაცხადოს უარი იმ მოტივით, ბაიდენის ადმინისტრაცია დამდევს და მავიწროვებსო? ამის დაბრუნება უნდათ? საბედნიეროდ, ქართველი ხალხისთვის თვალებში ნაცრის შეყრას რევანშისტური ძალები დღეს უკვე ვეღარ მოახერხებენ.

ია დანელია

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები