520 ცხედარი, პანიკა და ჰარაკირი – XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ავიაკატასტროფის ისტორია

1985 წლის 12 აგვისტოს მსოფლიო ავიაციის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ავიაკატასტროფა მოხდა, რომელსაც 520 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულების ნათესავები ავიაკომპანია Japan Airlines-ის ოფისებში იჭრებოდნენ. ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი სინდისმა იმდენად შეაწუხა, რომ ჰარაკირი გაიკეთა (ჰარაკირი – იაპონური თვითმკვლელობის რიტუალი მუცლის გამოფატვრით).

- რეკლამა -

- რეკლამა -

იმ დღეს, 18:00 საათზე თვითმფრინავი Boeing 747SR-46, რომელიც Japan Airlines-ს ეკუთვნოდა, ტოკიოდან ოსაკუში გასაფრენად ემზადებოდა. რეისი მოკლეხნიანი იყო და 54 წუთს უნდა გაგრძელებულიყო. თვითმფრინავის სპეციალური მოდიფიკაციის წყალობით, ბორტზე 550 ადამიანის მოთავსება იყო შესაძლებელი. გაფრენის დროს ბორტზე – რეისით, JAL 123 12 – სულ 524 ადამიანი იმყოფებოდა, 509 მგზავრი და ეკიპაჟის 15 წევრი. მთავარი პილოტი გამოცდილი, 49 წლის მასამი ტაკაჰამა იყო, რომელსაც 19-წლიანი სტაჟი ჰქონდა. მეორე პილოტი – 39 წლის იუტაკი სასაკი – 10 წლის განმავლობაში დაფრინავდა.

18:12 საათზე თვითმფრინავი ტოკიოდან, ჰანედას აეროპორტიდან გაფრინდა. 18:24 საათზე 7200 მეტრის სიმაღლეზე ერთ-ერთმა სტიუარდესამ ჰკითხა მთავარ პილოტს, შეეძლოთ თუ არა მგზავრების მომსახურების დაწყება. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ ბორტზე ხმამაღალი ხმა გაისმა, რომელიც აფეთქებას ჰგავდა. პილოტების კაბინა თეთრი კვამლით გაივსო. ამუშავდა სიგნალიზაცია, რომელიც წნევის მკვეთრი დავარდნის შესახებ იუწყებოდა. ისინი ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა და იფიქრეს, რომ შასის ჩამკეტები მოწყდა. ბორტინჟინერმა ამ დროს ეკიპაჟს ჰიდროსისტემის გაუმართაობის შესახებ აუწყა. კაპიტანმა მიიღო გადაწყვეტილება, მოებრუნებინა თვითმფრინავი და დაბრუნებულიყო ტოკიოში, მაგრამ როდესაც მეორე პილოტმა საჭის მობრუნება სცადა, აღმოჩნდა, რომ „ბოინგი“ უმართავი იყო.

მიწაზე მყოფ დისპეჩერს მიუვიდა შეტყობინება – ნომრით, 7700 – რომელიც ნიშნავს, რომ თვითმფრინავს კატასტროფა დაატხდა თავს. ეკიპაჟმა და მგზავრებმა ჟანგბადის ნიღბები მოირგეს, რომლებიც თვითმფრინავის ჰერმეტულობის დარღვევის შემთხვევაში მუშაობს. პილოტები ცდილობდნენ უკან დაბრუნებას, მაგრამ ვითარება უფრო მძიმდებოდა – თვითმფრინავმა რყევა დაიწყო. მგზავრები პანიკამ მოიცვა – ისინი ლოცულობდნენ, ტიროდნენ, ბლოკნოტებიდან ფურცლებს ხევდნენ და გამოსამშვიდობებელ წერილებს წერდნენ ახლობლებისთვის.

ამ დროს პილოტები კაბინაში ცდილობდნენ, დაებრუნებინათ თვითმფრინავისთვის მართვისუნარიანობა. საბოლოოდ, ეკიპაჟმა მოახერხა თვითმფრინავის მობრუნება ტოკიოს მიმართულებით. დისპეჩერები მიწიდან სხვადასხვა ვარიანტს სთავაზობდნენ პილოტებს თვითმფრინავის ავარიულად დასაჯდომად, მაგრამ მათ დიდი არჩევანი არ ჰქონდათ – შესაძლოა, ნებისმიერ წუთს საბოლოოდ დაეკარგათ მართვის სადავეები. ფუძიამას მთის რაიონში თვითმფრინავის დასმის მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. 18:41 საათზე თვითმფრინავი კლავ უმართავი გახდა, მან 4-კილომეტრიანი წრე შემოარტყა ქალაქ ოცუმს. პილოტებმა საჭე კვლავ „დაიბრუნეს“. 18:47 საათზე კაპიტანმა დისპეჩერებს შეატყობინა, რომ საჭე კვლავ „დაკარგული“ იყო და თვითმფრინავი სადაცაა, მთას შეეჯახებოდა, მაგრამ ეკიპაჟმა კლვავ მოახერხა შეჯახების თავიდან არიდება. აქედან რამდენიმე წუთში თვითმფრინავმა სიმაღლის მკვეთრი დაკარგვა დაიწყო. ნახევრკუნძულ იძუსა და სურუგას ყურეზე გადაფრენის შემდეგ ბოინგი კვლავ მთიან რაიონში აღმოჩნდა, სადაც ფრენის მშვიდობიანი დასრულება შეუძლებელი იყო.

მიუხედავად ყველაფრისა, ეკიპაჟი მაინც აგრძელებდა მცდელობას, დაებრუნებინათ მართვისუნარიანობა. ეკიპაჟმა მოახერხა თვითმფრინავის გასწორება, მაგრამ რამდენიმე წამში ლაინერმა კვლავ დახარა ცხვირი მორიგი მწვერვალის მიმართულებით. შეჯახებამდე ცოტაღა რჩებოდა. თვითმფრინავი ფრთით ხის მწვერვალებს გამოედო, ამობრუნდა და 18:56 საათზე ოცუტაკას მთას შეეჯახა. კატასტროფის ადგილას ხანძარი გაჩნდა.

აშშ-ის საჰაერო ძალების თვითმფრინავმა, С‑130-მა დაცემის ადგილი კატასტროფიდან 30 წუთში აღმოაჩინა. კოორდინატები იაპონიას გადაეცა, მაგრამ ადგილზე მისულმა ვერტმფრენმა მთის ციცაბო ფერდობზე დაჯდომა ვერ მოახერხა, თანაც ადგილზე ხანძარი მძვინვარებდა. ვერტმფრენის კაპიტანმა ბაზაზე დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო, თანაც, მისი ცნობით, კატასტროფის შედეგად გადარჩენილთა კვალი არც კი აღინიშნებოდა.

მაშველები იქ 14 საათის შემდეგ მივიდნენ. მათ იმედი არ ჰქონდათ, რომ ვინმე ცოცხალი დახვდებოდათ, მაგრამ ოთხი ადამიანი მაინც გადარჩა:  26 წლის იუმი ოტიზი, 34 წლის ჰიროკო ესიძაკი, თავის 8 წლის ქალიშვილთან ერთად და 12 წლის კეიკო კავაკამი. იუმი ოტიზი Japan Airlines-ში სტუარდესად მუშაობდა, მაგრამ იმ მომენტში, უბრალოდ, მგზავრი იყო. ზუსტად მან გააჯღერა ყველაზე მეტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ბორტზე. 12 წლის კაიოკო მაშველებმა ხეზე იპოვეს – გოგონა თვითმფრინავის ვარდნის დროს ჩამოვარდნილა. გარკვეული დროის განმავლობაში, მისი მამაც ცოცხალი იყო, მაგრამ მან ვერ გაუძლო 14-საათიან ლოდინს. როგორც აღმოჩდა, კატასტროფას ბევრი გადაურჩა, თუმცა ღამით გარდაიცვალნენ, სხეულის გადაციების გამო.

კატასტროფის ადგილზე იპოვეს შავი ყუთები და დაღუპულთა წერილები ახლობლებისთვის. იაპონიამ ნამდვილი შოკი განიცადა. დაღუპულთა ნათესავები Japan Airlines-ის ოფისებს ანგრევდნენ, მათი თანამშრომლები კი, ხალხში გამოჩენისგან თავს იკავებდნენ. გამოძიების შედეგების მიღებამდე ავიაკომპანიის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა, ხოლო ტექნიკური სამსახურის ხელძღვანელმა, როგორც თავიდანვე აღვნიშნეთ, თავი მოიკლა.

მაგრამ, რის გამო ჩამოვარდა თვითმფრინავი? 1985 წლის 13 აგვისტოს იაპონიის თავდაცვის საზღვაო- სამხედრო ძალების გემმა საგამის ყურედან ბოინგის ფრთის ვერტიკალური და ჰორიზონტალური დაფარვის ნაწილები ამოიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ თვითმფრინავმა ფრენის დროს დაკარგა სიმაღლის მარეგულირებლები. ასეთი დაზიანების დროს თვითმფრინავი განწირულია, მეტიც, ის მაშინვე უნდა ჩამოვარდნილიყო, მაგრამ პილოტებმა მისი ჰაერში გაჩერება კიდევ ნახევარი საათით შეძლეს. მათმა მოხერხებულობამ ოთხი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი ადამიანი გადარჩენილიყო, რომ არა 14-საათიანი ლოდინი.

ისმის მთავარი კითხვა, რატომ დაკარვა თვითმფრინავმა ფრენის დროს ეს ნაწილები? როგორც აღმოჩნდა, ჯერ კიდევ 1978 წლის 2 ივნისს, JA 8119-ის ბორტის პოლოტმა აფრენის დროს თვითმფრინავის კუდი ასაფრენ ბილიკს მიარტყა, რამაც გარკვეული დაზიანებები გამოწივია. დაზიანების აღდგენის დროს ტექნიკოსებმა დამჭერების არასათანადო რაოდენობა გამოიყენეს, მათ ჩათვალეს, რომ ეს პრობლემას არ წარმოდგენდა. თვითმფრინავის ყოველი აფრენისას და დაშვებისას შეკეთებული ადგილი, დიდი ზეწოლის გამო, თანდათან კლავ ზიანდებოდა და სამაგრების ადგილას მეტალი ირღვეოდა. კატასტროფა გარდაუვალი იყო.

1985 წლის 12 აგვისტოს ჰერმეტულობის ძელმა ვერ გაუძლოა მორიგი აფრენის წნევას და საბოლოოდ დაიშალა, რამაც ჰიდრავლიკის სისტემის გამტარები დააზიანა. თვითმფრინავმა მართვისუნარიანობა დაკარგა. კატასტროფის შემდეგ კომპანია Japan Airlines-ი ძალიან დიდხანს მოუნდა საკუთარი რეპუტაციის აღდგენას, ხოლო კოპრორაცია Boeing-მა გაამკაცრა ლაინერების სარემონტო კონტროლი და შეამოწმა ყველა თავისი თვითმფრინავი მთელ მსოფლიოში… თუმცა, ადამიანების სიცოცხლეს უკვე ვერავინ დააბრუნებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები