მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს მოუწევს ნიკა მელიას გათავისუფლება, რადგან მას წინ დაუდეს სანქციების პირდაპირი მუქარა
“ივანიშვილს მოუწევს უახლოეს პერიოდში ნიკა მელიას გათავისუფლება, ისევე როგორც რამდენიმე პოლიტპატიმრის, რადგან თუ ეს ამას არ იზამს, ზუსტად ვიცი, რომ მას წინ დაუდეს სანქციების პირდაპირი მუქარა”, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, პლებისციტის მოდელზე დათანხმება არ შეიძლება.
„დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილს მოუწევს უახლოეს პერიოდში ნიკა მელიას გათავისუფლება, ისევე როგორ რამდენიმე პოლიტპატიმრის, რადგან თუ ეს ამას არ იზამს, ზუსტად ვიცი, რომ მას წინ დაუდეს სანქციების პირდაპირი მუქარა. მისი ქონების უმეტესი ნაწილი იქნება, პრაქტიკულად, გაყინული და ჩამორთმეული, მის მიმართ მიღებული იქნება სხვა ზომები. ამიტომ, უახლოესი კვირეების, დღეების განმავლობაში ჩვენ ველოდებით ნიკა მელიას უპირობო გათავისუფლებას ყოველგვარი მანიპულაციების გარეშე.
ჩემი პირადი აზრია, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტის მოდელზე, რომელსაც თავს გვახვევს ივანიშვილი, პლებისციტის თემა არის ის თემა, რომ მას უნდა ადგილობრივ არჩევნებთან ერთად, სადაც ის დახარჯავს ბევრ ფულს, ბევრს მოისყიდის, ჩაატაროს პლებისციტი, რომც წააგოს ეს პლებისციტი, მერე ექნება კიდევ რამდენიმე თვე და ის აუცილებლად წააგებს პლებისციტს, რათა მოისყიდოს დააშინოს, დაიჭიროს და ქვეყნიდან გაყაროს ასობით ათასი ადამიანი, აქტიური ამომრჩეველი.
ივანიშვილის გეგმა არის კოსმეტიკური ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, მოაშორებს ჟვანიას, დანიშნავს ვიღაც სხვას ამ პლებისციტს მოგვახვევს თავზე თავისი ფორმით და მერე ყველანაირ მანიპულაციებს შეეცდება. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ მკვეთრად და არ უნდა დავუტოვოთ მას მანევრის დრო და საშუალება. ასეთია ჩემი აზრი დაფუძნებული ჩემს გამოცდილებაზე როგორც საქართველოში, ისევე – უკრაინაში“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.