ნათია თურნავა: ჩვენი ამოცანაა, გავზარდოთ ქვეყანაში არსებული სიმძლავრეები, რომ მომავალში არ ვიყოთ დამოკიდებული სამეზობლოსა და მათ კეთილგანწყობაზე ელექტროენერგიის იმპორტთან მიმართებით

„საქართველოში არსებული ყველა ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე, ჯამურად, არის დაახლოებით 4500 მეგავატი, რომლის დაახლოებით 70%, ანუ 3100 მეგავატზე მეტი აშენებულია საბჭოთა პერიოდში – ესენია უკვე მორალურად და ფიზიკურად ამორტიზირებული სადგურები და ჩვენი ამოცანაა, გავზარდოთ ჩვენი ენერგეტიკული სიმძლავრეები, რომ მომავალში მზარდი მოთხოვნის, მზარდი ეკონომიკის პირობებში არ ვიყოთ დამოკიდებული სამეზობლოზე და მათ კეთილგანწყობაზე ელექტროენერგიის იმპორტთან მიმართებაში”, – ეს განცხადება ეკონომიკის მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე „ნამახვანი ჰესთან” დასმული კითხვის საპასუხოდ გააკეთა.

როგორც ნათია თურნავამ განმარტა, პრემიერმინისტრის დავალების შესაბამისად, მოსახლეობასთან დაგეგმილი აქტიური კომუნიკაციისა და საუბრის საგანი, ყველა შეხვედრაზე, იქნება ორი რამ – რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ენერგოდამოუკიდებლობა და ასევე ამოცანა, რომ ჩვენი მოსახლეობის, კერძო სექტორის მიერ ელექტროენერგიის საფასურის სახით გადახდილი თითოეული ლარი არ გადიოდეს გარეთ, მაქსიმალურად რჩებოდეს ქვეყანაში, ხმარდებოდეს საკუთარ ჰიდროსადგურებს, იქ მომუშავე ადამიანებს და არა – ქვეყნის გარეთ არსებულ სადგურებსა და იქ დასაქმებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.

„ეს არის ჩვენი მთავარი ნარატივი და ამ მიმართულებით ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები