ყირიმი ანექსიიდან 7 წლის შემდეგ

 მარტში ყირიმის ანექსიიდან 7 წელი გადის. ეს დღე რუსეთში დღესასწაულად არის გამოცხადებული. კრემლი ანექსიის აღსანიშნავად ფესტივალებს მართავს სახელწოდებით – „ყირიმის გაზაფხული“. სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიის მიტაცებას კი  “ისტორიულ დაბრუნებას” უწოდებს. რუსეთის ხელისუფლების რუპორი საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკი“ ყირიმის ანექსიას აღწერს, როგორც “გრძელ გზას შინისკენ” და რეგიონის ეკონომიკურ თუ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობაზე მითებს გვიყვება. ამ დროს კი ყირიმიდან ის ხალხიც  გარბის, ვინც თავის დროზე მტერს შეეკრა და რუსებს ნახევარკუნძულზე წითელი ხალიჩით შეხვდა.

რუსეთის ფედერაციის მიერ ყირიმის ანექსია 2014 წლის თებერვლის უკრაინის  „ევრომაიდნის“ მოვლენებს მოჰყვა. უკრაინის უმაღლესმა რადამ პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი თანამდებობიდან გადააყენა. ამ დროს კი რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი  შეხვედრას უსაფრთხოებისა და სპეცსამსახურების ხელმძღვანლებთან მთელი ღამე მართავდა და მისი ხელდასმული იანუკოვიჩის  „დახმარების“ გზებს ეძებდა. ახლა უკვე ვიცით, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ პუტინმა თქვა: „ჩვენ უნდა დავიწყოთ ყირიმის რუსეთისთვის დაბრუნებაზე მუშაობა და აქ უკვე ცხადი გახდა, რომ უკრაინაში მშვიდობა ვერ იქნებოდა. სადაც რუსეთი „მიდის“, ყველგან ოკუპაცია და ომი მიაქვს თან.

ქრონოლოგიურად გავიხსენოთ, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები უკრაინის ირგვლივ, სანამ ჰორიზონტზე საბედისწერო „პატარა მწვანე კაცუნები“ გამოჩნდებოდნენ: 2010 წელს უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმართა, სადაც რუსეთისადმი ლოიალურად განწყობილმა და,როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, ერთგულმა მსახურმა – ვიქტორ იანუკოვიჩმა გაიმარჯვა. მალევე იანუკოვიჩის მოწინააღმდეგე კანდიდატი, იულია ტიმოშენკო ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულეს  და 2011 წლის ოქტომბერში დააპატიმრეს. 2013 წლის 21 ნოემბერს იანუკოვიჩის კაბინეტმა საბოლოოდ დაამტკიცა ის, თუ ვისი ხელდასმით მართავდა სინამდვილეში ქვეყანას და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობაზე უარი განაცხადა.  უკრაინის პრეზიდენტმა პარალელურად რუსეთთან აქტიური თანამშრომლობის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო. უკრაინელი ხალხისთვის, რომელმაც თავისუფლება აირჩია, იანუკოვიჩის კოლაბორაციონიზმი მიუღებელი აღმოჩნდა და კიევში საპროტესტო ტალღა აგორდა.

რუსეთი უკრაინელების ამგვარმა კონსოლიდაციამ და მათმა პროდასავლურმა კურსმა შეაშინა. კრემლმა თავისუფალი ხალხის წინააღმდეგ მთელი სახელმწიფო მანქანა ჩართო. პუტინმა უკრაინაზე ზეწოლისთვის მისი სუსტი წერტილის გამოყენება დაიწყო. 2014 წლის 23 თებერვალს ყირიმის ქალაქ სევასტოპოლში რუსეთის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. 24 თებერვალს კი პრორუსულმა დემონსტრანტებმა პარლამენტის პიკეტირება დაიწყეს და ყირიმის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარება მოითხოვეს, რაც ცხადია, რუსული დირექტივა იყო.  აქედან მოვლენების განვითარებაზე პასუხისმგებლობა 27-28 თებერვალს უფორმო შეიარაღებულმა “მწვანე კაცუნებმა“ აიღეს. მათ ყირიმში 2 აეროპორტი და ადმინისტრაციული შენობები დაიკავეს. უკრაინის ლიდერებმა რუსეთისგან შეტყობინება მიიღეს, რომ თუკი უკრაინა ყირიმის ნახევარკუნძულს რუსეთს არ გადასცემდა, ეს უკანასკნელი მთელი ქვეყნის ოკუპირებას მოახდენდა. 1-ელ მარტს რუსეთის დუმამ,  უკრაინაში რუსული ინტერესების დაცვის მიზნით, ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოთხოვნა დააკმაყოფილა. 11 მარტს ყირიმის უმაღლესმა და სევასტოპოლის საქალაქო საბჭომ „ერთობლივი რეზოლუცია“ მიიღეს და ყირიმის ე.წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. 16 მარტს  სეპარატისტების ორგანიზებით რეფერენდუმი ჩატარდა, რომლის შედეგები გაერო-მ, ევროკავშირმა და საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის, საქართველომ არალეგიტიმურად ცნეს.

2014 წლის 18 მარტს ვლადიმირ პუტინმა “ყირიმის რესპუბლიკის აღიარებასთან დაკავშირებით” ბრძანებას მოაწერა ხელი, შედეგად, ანექსირებული ყირიმი სევასტოპოლთან ერთად რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დე ფაქტოდ   შევიდა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის არაერთი რეზოლუცია  რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას გმობს: არ მომხდარა ულტრამემარჯვენე ჯგუფების მიერ ხელისუფლების ხელში ჩაგდება და ასევე არ არსებობდა პირდაპირი საფრთხე ეთნიკურად რუსი უმცირესობისთვის, განსაკუთრებით, ყირიმის შემთხვევაში.” თუმცა, საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების მიუხედავად, რუსეთი ადამიანის ფუნდამენტური უფლებებისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების, მათ შორის, სუვერენიტეტის ნორმის დარღვევას აგრძელებს.

სულ ახლახან, უკრაინის კოსმოსური ობიექტების კონტროლისა და ტესტირების ეროვნულმა ცენტრმა იანვარში სატელიტიდან გადაღებული ფოტოები გაასაჯაროვა. უკრაინის სპეცსამსახურები ახლა მასალას სწავლობენ და ცდილობენ, საფრთხის ზუსტი ხარისხი დაადგინონ. უკრაინული მედიის თანახმად, სატელიტის სურათებზე აღბეჭდილია ქერჩში განთავსებული სულ მცირე რვა სარაკეტო სისტემა S-400 და სარადარო სადგურები ჩანს. საპორტო ქალაქ ევპატორიის გარეუბანში კი 30 მეტრი დიამეტრის რადიო ანტენა ფიქსირდება. ევპატორიის  ყოფილი კოსმოსური ცენტრის ტერიტორიაზე კი  ახლა რუსეთის სამხედრო და კოსმოსური ძალები არიან განლაგებული.

ყირიმის ანექსიის შემდეგ, რუსეთმა სამხედრო ინფრასტრუქტურა ლამის გააორმაგა, რაც, ბუნებრივია, უკრაინაში ახალი ომის, ზოგადად ევროპაში კი არასტაბილურობის საფრთხეს მნიშვნელოვნად ზრდის. აუცილებელია, გვახსოვდეს, რომ რუსეთი უკრაინაშიც და საქართველოშიც ყოველდღიურად არღვევს იმ ხელშეკრულებებს, რომელსაც თავად მოაწერა ხელი. ამ სიაშია გაერო-ს წესდება, 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომლითაც კრემლი უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა, ასევე, 1997 წლის „მეგობრობის, თანამშრომლობისა და პარტნიორობის“ შესახებ ხელმოწერილი დოკუმენტი, საზღვაო კანონი გემების თავისუფალი მიმოსვლის შესახებ ქერჩის სრუტეში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი 1975 წლის ჰელსინკის დეკლარაციაა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ სახელმწიფო საზღვრები უნდა იყოს ხელშეუხებელი და არ შეიცვალოს იძულებითი ფორმით.

რუსული „არარაციონალური იმპერიალიზმი“ ყირიმში, ისევე როგორც ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში, თვითგამორკვევის პრინციპზე საუბრით,  სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ცდილობს. არა და, პუტინს ჩეჩნეთის ორი სისხლიანი ომის დროს ეს პრინციპი არცერთხელ გახსენებია.  სანამ კრემლი ფულს სამხედრო ბაზებსა და შეიარაღებაში დაუნანებლად ხარჯავს, ადამიანები ოკუპირებულ რეგიონებში გაუსაძლის გაჭირვებაში აგრძელებენ ცხოვრებას. კორუფცია, მაღალი ფასები პროდუქტებზე, სამედიცინო სისტემის სავალალო მდგომარეობა და მინიმალური ხელფასები – ეს არის რეალობა, რომელშიც ყირიმშიც, აფხაზეთშიც და ცხინვალშიც რუსული ოკუპაციის მსხვერპლი ადამიანები ცხოვრობენ.

ქეთევან დიასამიძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები