ნატალია ილიჩოვას ადვოკატი: პრემიერი ყველა შემთხვევაში უნდა მოვიდეს სასამართლოში
ნატალია ილიჩოვას ადვოკატის, გიორგი მახარაძის განცხადებით, საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე ჩვენების მისაცემად სასამართლოში უნდა მივიდეს. მან აღნიშული განცხადება დღეს, პროცესის დაწყებამდე გააკეთა.
„წინა ჯერზე სასამართლოში თავდაცვის მინისტრი გვეყოლებოდა დასაკითხი, ხოლო ახლა – პრემიერი. ამ ყველაფერში რადიკალურ ცვლილებებს ვერ ვხედავ, როგორც იყო სხვა მოტივაციები, ასევეა ახლაც.
პრემიერმინისტრი ყველა შემთხვევაში უნდა მოვიდეს სასამართლოში, თუ არ მოვა, მერე უკვე არსებობს იძულებით მოყვანის შესაძლებლობა და მე მგონი, მსგავსი ღონისძიება არ გახდება საჭირო“, – განაცხადა ადვოკატმა, გიორგი მახარაძემ.
საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე პირველი არსებითი სხდომა საქალაქო სასამართლოში უკვე დაიწყო.
ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.