ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა, ვერნერ ჰოიერმა საქართველოს მეღვინეობის დარგის მხარდაჭერის მიზნით ჯიღაურაში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი მოინახულა
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტი, ვერნერ ჰოიერი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) პროექტების კოორდინატოთან, ხავიერ სანს ალვარესთან ერთად ეწვია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო -კვლევით ცენტრს ჯიღაურაში, სადაც ევროკავშირი FAO-სთან ერთად მუშაობს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების ხელშეწყობაზე. ვიდეო მასალა იხილეთ აქ: https://we.tl/t-2UKgjJOJv6 2019 წლიდან, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯიღაურას სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი წარმოადგენს ერთ-ერთ ბენეფიციარს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 5.2 მილიონი ევროს მოცულობის პროექტისა, რომელსაც გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ახორციელებს. ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტმა ჰოიერმა მოინახულა ვაზის ჯიშების კოლექცია, შეხვდა ადგილობრივ ფერმერებსა და იმ ბიზნესების წარმომადგენლებს, რომლებიც ევროკავშირის მხარდაჭერით სარგებლობენ. ის ასევე ეწვია, პროექტის ფარგლებში მოწყობილ, ახალ ეკრანულ სათბურებს, რომლებიც ხელს შეუწყობს უნიკალური ქართული ყურძნის ჯიშების გენეტიკური სიწმინდის შენარჩუნებას. პროექტი წარმოადგენს საქართველოში ვაზის ნერგების სერტიფიცირების საკითხში ევროკავშირის მხარდაჭერის ნაწილს, რომლის მიზანია მოსავლიანობის ზრდის, ნერგების წარმოების დარგის განვითარებისა და ევროკავშირში ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობა. აღნიშნული პროექტი ერთ-ერთია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული იმ 200-ზე მეტი პროექტიდან, რომლებიც საქართველოს განვითარებას უწყობს ხელს. „ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს სოფლის მეურნეობამ და იმ ადამიანების შემოქმედებითმა მიდგომამ, რომლებიც წარმატებას აღწევენ არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ევროპულ ბაზარზეც. ევროკავშირი და ევროპის საინვესტიციო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებას და ასევე ეხმარება ცალკეულ მცირე და საშუალო ზომის საწარმოებს, რომელთაც საქართველოში პარტნიორი ბანკების ჩართულობით აფინანსებს,” – აღნიშნა ევროპის საინვესტიციო ბანკის პრეზიდენტმა, ვერნერ ჰოიერმა. „ევროკავშირის მხარდაჭერით, ჩვენ არაერთ უმნიშვნელოვანეს პროექტსა და რეფორმას ვახორციელებთ. საქართველოსთვის ეს მხარდაჭერა განსაკუთრებულია, რადგან, გარდა იმისა, რომ ხელშესახები პროგრესი და წინსვლა გვაქვს როგორ აგრარული, ისე გარემოსდაცვითი მიმართულებით, ეს მხარდაჭერა ევროპულ ოჯახში გაერთიანების გზაა. საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქცია ევროპის ბაზრებზე საკუთარ ადგილს ეტაპობრივად იკავებს, ჩვენ ვნერგავთ საერთაშორიო სტანდარტებს წარმოებაში და ვქმნით კონკურენტუნარიან პროდუქციას. ჩვენი საკანონმდებლო ბაზა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული უმნიშვნელოვანესი ღონისძიებები ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება”, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. “დღეს გახსნილი ეკრანული სათბურები ხელს შეუწყობს ქართული ენდემური ყურძნის ჯიშების შენარჩუნებას. საქართველო ძალიან მდიდარია ყურძნის ბიომრავალფეროვნებით და მისი სწორი დაცვა კერძო სანერგეებს სერტიფიცირებული ნერგების წარმოების საშუალებას მისცემს. საბოლოო ჯამში, ქართველი ფერმერები ისარგებლებენ სერტიფიცირებული ყურძნის სარგავი მასალის გაუმჯობესებული ხარისხითა და ფიტოსანიტარიული პირობებით, რაც, ამასთანავე, უახლოეს მომავალში მათ ექსპორტის შესაძლებლობებსაც მისცემს,” – აღნიშნა ხავიერ სანს ალვარესმა, FAO-ევროკავშირის პროექტების კოორდინატორმა. “როგორც ორგანული ფერმერისთვის და სანერგე მეურნეობის მფლობელისთვის, ჩვენთვის აშკარა გახდა, რომ ხარისხიანი ნერგების გარეშე ფერმერებისთვის წარმატების მიღწევა შეუძლებელია. ჩვენ გვსურს ხარისხიანი ნერგების წარმოება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ეს არ იქნება მხოლოდ ჩვენი, როგორც კერძო სანერგეს მიღწევა, არამედ ყველა ფერმერის წარმატებაც,”- თქვა თეა ქუთათელაძემ, პროექტის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა და კერძო სანერგე მეურნეობის მფლობელმა. პროექტის შესახებ აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ევროკავშირისა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ინიციატივის გაგრძელებას, რომელიც 2013 წლიდან ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის მხარდაჭერას სერტიფიცირების დანერგვის გზით. სერტიფიცირება საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან: მაღალი ხარისხის სერტიფიცირებული სათესლე და სანერგე მასალა უზრუნველყოფს საქართველოს ფერმერების მოსავლიანობის ერთ მესამედამდე ზრდას და, შესაბამისად, შემოსავლების ზრდასაც; სავალდებულო სერტიფიცირება ხელს შეუწყობს საქართველოს სათესლე და სანერგე დარგის განვითარებას. წინააღმდეგ შემთხვევაში აღნიშნული დარგი შესაძლოა დაზარალდეს არასერტიფიცირებული პროდუქციის გამო ან ვერ გაუწიოს სათანადო კონკურენცია უცხოელ სერტიფიცირებულ მწარმოებლებს; სერტიფიცირების პრაქტიკის არარსებობა ზღუდავს საქართველოს შესაძლებლობას განახორციელოს საკუთარი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში, ასოცირების შეთანხმებისა და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში. გარდა ამისა: სერტიფიცირების პროცესი ითვალისწინებს „მცენარეთა გენეტიკური რესურსების ბანკების” შექმნას, სადაც შენარჩუნდება სანერგე მასალის გენეტიკური სიწმინდე მავნებლებისა და დაავადებებისაგან დაცულ გარემოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, სადაც ვაზის 400-ზე მეტი უნიკალური ჯიში ხარობს. ევროკავშირის მხრიდან სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის შესახებ აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის ნაწილს. 2013 წლიდან ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 234.5 მილიონ ევროზე მეტი ქვეყნის მასშტაბით ისეთი ღონისძიებების განსახორციელებლად, როგორიცაა ფერმერების სწავლება, საკანონმდებლო რეფორმები, სოფლის განვითარება და სურსათის უსაფრთხოება. საქართველოს 250,000-ზე მეტმა ფერმერმა უკვე ისარგებლა ევროკავშირის მიერ უზრუნველყოფილი მხარდაჭერით. ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ: www.eu4georgia.ge
Video_Targmani_Jighaura.docx
wetransfer.com