მსოფლიო ბანკის თანახმად, „ლურჯი“ ეკონომიკა საქართველოს კლიმატის ცვლილების მიმართ ადაპტაციის დაჩქარების საშუალება უნდა გახდეს
მწვანე სანაპირო და ლურჯი ზღვა მდგრადი საქართველოსთვის – ამ სახელწოდების ვირტუალური ღონისძიება გაიმართა დღეს მსოფლიო ბანკის, შავი ზღვის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციისა (BSEC) და საქართველოს მთავრობის თანამშრომლობით, რომელზეც კლიმატის ცვლილებისა და ზღვის დაბინძურების საკითხებზე იმსჯელეს. ღონისძიებაზე გაჟღერდა მსოფლიო ბანკის მიერ ჩატარებული კვლების შდეგები და რეკომენდაციები, რომლებიც წარმოდგენილია ბოლოდროინდელ ორ ანგარიშში: „კლიმატის ცვლილების ზემოქმედება საქართველოს სანაპირო ზოლზე: მოწყვლადობის შეფასება და ადაპტაციის შესაძლებლობები“ და „სანაპირო ზოლის დეგრადაციის ფასი საქართველოში: სანაპირო ზოლის ადაპტაციისა და ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის განხორციელების ხელშესაწყობი მონაცემები“. ანგარიშები განსაზღვრავს ძირითად კლიმატურ რისკებს, მოწყვლადობას და სანაპირო ზოლის ეკოლოგიური დეგრადაციის ხარჯებს დაბინძურების, წყალდიდობის, ეროზიის, სასოფლო-სამეურნეო ნიადაგისა და ტყის მდგომარეობის გაუარესების გამო. ადაპტაცია კლიმატის ცვლილების მიმართ წყლის რესურსების ეფექტური გამოყენებით და სანაპირო რაიონებში COVID-19-ის პანდემიის შემდეგ ტურიზმის დაბრუნებით სანაპიროს ადაპტაციისთვის რეკომენდებულ პრიორიტეტულ ქმედებებს შორისაა. „საქართველოს პრიორიტეტია, გააძლიეროს თავისი სანაპიროს, საზღვაო სივრცისა და ტურიზმის მდგრადობა და შეამციროს შავი ზღვის დაბინძურება,“ – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ნინო თანდილაშვილმა. მსოფლიო ბანკისგან გაზიარებული გლობალური ცოდნითა და მისი მხარდაჭერით, საქართველოს კარგი პოზიცია აქვს 2015 წლის პარიზის ხელშეკრულების თანახმად აღებული კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულებაში ახალი ეტაპის დასაწყებად. სანაპირო ზოლში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციის ღონისძიებებთან ერთად, გაცილებით მდგრად, „ლურჯ“ ეკონომიკაზე გადასვლა შესაძლოა ქვეყნისთვის სტრატეგული მიზანი გახდეს, რომელიც ხელს შეუწობს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის დღის წესრიგისა და ეროვნული განვითარების ამოცანების განხორციელებას სანაპირო და საზღვაო რესურსების გამოყენებისას გარემოს დეგრადაციის და ეკოლოგიური დისბალანსის თავიდან არიდების პარალელურად. „მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო ბანკის ანგარიშებში ხაზგასმულია სანაპირო ზოლზე კლიმატის ცვლილების ზემოქმედების და უმოქმედობით გამოწვეული მზარდი ხარჯების შემცირების გადაუდებელი აუცილებლობა, ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიან, რომ განხორციელდეს შესაბამისი ღონისძიებები კლიმატის ცვლილების მიმართ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს ადაპტაციის უზრუნველსაყოფად. მთლიანობაში, „ლურჯი“ ეკონომიკა სასიცოცხლო მნიშვნელობისაა საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნების სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის,“ – განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსმა. დღევანდელ ღონისძიებაზე ასევე გაიმართა კონსულტაციები „შავი ზღვის გალურჯების“ პროგრამის თაობაზე, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო ბანკისა და BSEC-ის მხარდაჭერილ რეგიონულ ინიციატივას ზღვის დაბინძურებაზე რეაგირებისთვის და შავი ზღვის რეგიონში “ლურჯ” ეკონომიკაში ინვესტიციების დაჩქარებისთვის. რეგიონისთვის შავი ზღვის ეკოლოგიური რეაბილიტაციის კრიტიკული მნიშვნელობის აღიარებით, მსოფლიო ბანკი მხარს უჭერს საქართველოს, ისევე როგორც რეგიონის სხვა ქვეყნებს, შავი ზღვის დაბინძურების ეფექტური არიდების, შემცირების და კონტროლის მიმართულებით თანამშრომლობაში. “გარემოს დაბინძურება ერთი ქვეყნის საზღვრებს სცდება და რეგიონულ გადაწყვეტას საჭიროებს,“ – აღნიშნა მსოფლიო ბანკის მდგრადი განვითარების მიმართულების რეგიონულმა დირექტორმა სტივენ შონბერგერმა. მისივე თქმით, „რეგიონული მიზნები იმგვარ ეროვნულ ინვესტიციებად უნდა გარდაიქმნას, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას. ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მარტო ებრძვის დაბინძურებას, არ შეუძლია სასურველი ხარისხის უზრუნველყოფა ზღვის წყლის ისეთ დახურულ ეკოსისტემაში, როგორიცაა შავი ზღვა. აუცილებელია საერთო ეკოსისტემის და რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის განხილვა.“ „შავი ზღვის გალურჯების” ინიციატივასთან დაკავშირებული კონსულტაციები ხელს უწყობს ეროვნული და რეგიონული დიალოგის გაძლიერებას ზღვის დაბინძურებაზე რეაგირებისთვის და საქართველოს აძლევს მნიშვნელოვან შესაძლებლობას, რათა მოახდინოს შავი ზღვის ინტეგრირება ქვეყნის სტრატეგიებში კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტაციისა და მისი შერბილების შესახებ. ღონისძიებასთან დაკავშირებული ინფორმაცია ხელმისაწვდომია აქ: მწვანე სანაპირო და ლურჯი ზღვა მდგრადი საქართველოსთვის დამატებითი ინფორმაციისთვის საქართველოში მსოფლიო ბანკის საქმიანობის შესახებ ეწვიეთ ვებგვერდს: http://www.worldbank.org/ge R
Georgia
worldbank.org