სურსათი სოციალურად დაუცველ ოჯახებს და აქცია „სიკეთე უფრო მეტია“ – „მეტი დეველოპმენტმა“ 3 წლის იუბილე აღნიშნა

„მეტი დეველოპმენტი“ 3 წლის გახდა. კომპანია საკუთარ დაბადების დღეს, 24 თებერვალს ტრადიციისამებრ, ყოველთვის განსაკუთრებულ გარემოში აღნიშნავს. რადგანაც წელს საზოგადოებრივი თავშეყრა არ შეიძლება, კომპანიამ შესაბამისი აქტივობები დაგეგმა. თანაც, დაბადების დღის თარიღს ახალი „ეკოსითის“ მშენებლობისა და გაყიდვების დაწყება დაემთხვა, ამიტომაც ამ თარიღმა ორი ღონისძიება მოიცვა – სოციალურად დაუცველ ოჯახებში სურსათისა და ქუჩებში ბუშტების დარიგების აქცია – სახელწოდებით – „სიკეთე უფრო მეტია“.

„წელს არსებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებში სურსათ-სანოვაგე და ტკბილეული დაგვერიგებინა. გარდა ამისა, ჩვენს დაბადების დღეს დაემთხვა მეორე მნიშვნელოვანი თარიღი – დაიწყო ახალი, მესამე  „ეკოსითის“ მშენებლობა დიღომში. ზოგადად, იმ უბანში, სადაც „მეტი დეველოპმენტი“ „ეკოსითის“ აშენებს, ყოველთვის იღებს პასუხისმგებლობას სოციალურად დაუცველ ოჯახებზე. იგივე იყო სამგორშიც და კრწანისშიც, სადაც ჩვენ სოციალურად დაუცველ გარკვეულ ოჯახებს წელიწადში სამჯერ, ახალ წელს, აღდგომას, და სექტემბერში, სწავლის დაწყების პერიოდში ვეხმარებოდით. ასე რომ, ეს ორი აქცია გავაერთიანეთ და ჩვენი თანამშრომლები დიღომში მცხოვრებ 50 ოჯახს ესტუმრნენ. ამ ყველაფერს ადამიანები ისეთი მადლიერები შეხვდნენ, რომ ახლაც ემოციებით ვართ სავსე.

გარდა ამისა, გუშინ ქუჩებში ვარიგებდით ბუშტებს წარწერით – „სიკეთე უფრო მეტია“. ამით გვინდოდა, საზოგადოებისთვის გვეთქვა, რომ შესაძლოა, ამინდი არ იყო შესაბამისი, კრიზისია და პანდემია, თუ კარგად დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ სიკეთე ყოველთვის ყველაფერზე მეტია.“ – აღნიშნა ხათუნა მუზაშვილმა და გასული ორი წლის საიუბილეო ღონისძიებებიც გაიხსენა.

 

მისი თქმით, პირველი დაბადების დღე „მეტი დეველოპმენტმა“ მოხუცთა თავშესაფარში გადაიხადა, მეორე კი, მცხეთის შშმ პირთა ბავშვთა სახლში.

„პირველი დაბადების დღე აღვნიშნეთ მოხუცებულთა თავშესაფარში, სადაც მოხუცები ჩვენი სტუმრები იყვნენ. ვუმასპინძლეთ იმ სუფრით, მუსიკოსებითა და იუმორისტებით, რომლებიც თავად ისურვეს. ულამაზესი ზეიმი გამოვიდა. ეს ძალიან ემოციური საღამო იყო, რომელიც არცერთ ჩვენს თანამშრომელს არასდროს დაავიწყდება. ჩვენი მოხუცები ძალიან ბედნიერები იყვნენ.

„მეტი დეველოპმენტის“ მეორე დაბადების დღე მცხეთის შშმ პირთა ბავშვთა სახლს დავუკავშირეთ. ჯერ მცხეთაში ვიყავით და შემდეგ ბავშვები გასართობ ცენტრში წავიყვანეთ. ეს დღეც ძალიან შთამბეჭდავი იყო.“ – განაცხადა ხათუნა მუზაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები