“ვფიქრობ, ოპოზიცია მოწოდებას არ მიიღებს და მათთვის საფიქრალია, როგორ გამოძვრნენ იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიცია დესტრუქციულ გზას თუ განაგრძობს, მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე მხარდაჭერა არ ექნებათ.

მისივე თქმით, ახლა ოპოზიციის საფიქრალია, როგორ გამოძვრნენ ამ ზეწოლიდან.

„ნიკა მელიას გათავისუფლების თემაზე კონგრესსა და სენატში პოლიტიკურ ლიდერებს თავიანთი პოზიციები აქვთ. მათ არ შეუცვლიათ პოზიციები კაპიტოლიუმზე შეტევის დროს და ტრამპის იმპიჩმენტი დააყენეს დღის წესრიგში. როცა რეალობაზე ვსაუბრობთ, სახელმძღვანელოდ უნდა მივიღოთ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და ევროკავშირის დღევანდელი განცხადება. ეს არის მოწოდება ორივე მხარის მიმართ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და ამ ვითარებიდან გამოსვლის გზებზე, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების დაძლევის გზებზე ვიმსჯელოთ. სიტყვა „შეშფოთებას“ თუ ვხმარობთ, შეშფოთება საჭიროა და ნამდვილად ვიზიარებთ ამ შეშფოთების ყველა მიზეზს, განსაკუთრებით, სოციალურ-ეკონომიკური ვითარების გაუარესების პერსპექტივას მაშინ, როცა შეიძლება, კრიზისიდან უკეთესი შედეგებით გამოვიდეთ.
ვფიქრობ, ოპოზიცია მოწოდებას არ მიიღებს და მათთვის საფიქრალია, როგორ გამოძვრნენ იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს. რასაკვირველია, ჩვენ მიმართ მოთხოვნები პრინციპული, საკმაოდ მკაფიო და ზოგ შემთხვევაში მწვავეც არის, მაგრამ შექმნილ ვითარებაში ოპოზიცია კვლავ ამ დესტრუქციულ რევოლუციურ გზას თუ განაგრძობს, არ მგონია, რომ მათ ექნებათ მხარდაჭერა, მათ შორის, საკუთარ მომხრეებსა და საერთაშორისო ასპარეზზე“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები