ნინო წილოსანი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ აკირა იმამურას შეხვდა. პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს შეეხო, განსაკუთრებული ყურადღება კი საქართველოში აგრარული პოტენციალის განვითარებას და ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნისადმი იაპონიის დახმარების პროგრამებს დაეთმო. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) შორის ურთიერთობას. მნიშვნელოვანია, რომ ჯაიკა-ს დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოში არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებაში. ამასთან ყურადღება გამახვილდა მომავალი, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის საკითხებზე და მხარეებმა კონკრეტული შესაძლებლობები და თანამშრომლობის ახალი მიმართულებები განიხილეს. „იაპონიის ელჩი, რომელიც სულ რამდენიმე თვეა ჩვენს ქვეყანაში მოღვაწეობს, ძალიან კარგად იცნობს საქართველოს აგრარულ პოტენციალს და, რაც მთავარია, გულშემატკივრობს ჩვენს განვითარებას აგრარული მიმართულებით, რაც ფრიად დასაფასებელია. დღესაც ბატონი ელჩის მხრიდან გამოითქვა სრული მზადყოფნა, რომ მხარი დაუჭიროს ჩვენი კომიტეტის წამოწყებებს და ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის აგროსექტორის მოდერნიზაციისაკენ, იქნება ეს ფერმერების მზის ენერგიის სისტემებით მომარაგება, კოოპერატივების განვითარება თუ სხვა. შევთანხმდით, რომ საქართველოს აგრარული პოტენციალის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიო წარმოების განვითარება, რაც ჩვენს ქვეყანას მისცემს იმის შესაძლებლობას, რომ შევიდეს ძალიან მაღალხარისხიან ბაზრებზე, იქნება ეს ევროკავშირის, იაპონიის თუ სხვა ქვეყნების. დავგეგმეთ თანამშრომლობის შემდგომი ნაბიჯები და იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა ხელშესახებ და რეალურ შედეგებს მოგვიტანს”, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ნინო წილოსანმა. შეხვედრაზე ყურადღება ასევე დაეთმო ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს, კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, ბატონმა ელჩმა დღეს კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული გადაწყვეტილებები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ საქართველოსა და იაპონიას შორის მეგობრული ურთიერთობის და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებას.