ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ სახელმწიფო ჩამოშლისგან დავაზღვიეთ და კურსი ევროკავშირში ინტეგრაციისკენ უცვლელი რჩება
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით დასავლელი პარტნიორების და აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, მთავრობამ სახელმწიფო ჩამოშლისგან დააზღვია და კურსი ევროკავშირისკენ უცვლელი რჩება.
,,საქართველოს კურსი ევროკავშირთან ინტეგრაციაზე, უცვლელია, სამწუხაროა ერთი რამ, რომ ამ გზაზე ყოველთვის ის პოლიტიკა, რომელსაც ,,ნაციონალური მოძრაობა” ატარებდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ეხლა უკვე ოპოზიციაში ყოფნის დროს, შედეგი დგებოდა ერთი, მოგებული რჩებოდა რუსეთის ფედერაცია. იმიტომ, რომ მათი პროვოკაციული პოლიტიკის შედეგად სუსტდებოდა სახელმწიფო, დამარცხებული გამოდიოდა საქართველო, დამარცხებული გამოდიოდა ქართველი ერი და გამარჯვებული გამოდიოდა ყოველთვის ოკუპანტი. იგივე მიზნის მიღწევას შეეცადნენ, მაგრამ ჩვენ დავაზღვიეთ სახელმწიფო იმისგან, რომ არ ჩამოშლილიყო,”- განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს. ნიკა მელიას დაკავებას მწვავე შეფასებები მოჰყვა დასავლეთის მხრიდან, მათ შორის, განცხადება გაავრცელა აშშ-ის საელჩომ.