ნიკა შენგელია: ლარის კურსიც, ინფლაციაც და სხვა ეკონომიკური პარამეტრებიც პოლიტიკურ ვითარებაზეა დამოკიდებული

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, კოვიდპანდემიის გამო, საქართველოს ეკონომიკა 2020 -2021 წლებში დაახლოებით 8 მილიარ ლარს დაკარგავს. ვარაუდობენ, რომ მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ინფლაცია 4.5 %-ს მიაღწევს. კიდევ რა სირთულეებს უნდა ელოდოს მოსახლება და რა მდგომარეობაში აღმოჩნდება ეროვნული ვალუტა – „კვირა“ ფინანსისტსა და ეკონომიკურ მიმომხილველს, ნიკოლოზ შენგელიას ესაუბრა.

-სახელმწიფო ვალმა მშპ-ის 60 პროცენტს მიაღწია, ექსპორტ- იმპორტი მცირდება. ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვებიც მცირდება. ასეთ პირობებში ლარს რა ელის?

ჩვენ გვქონდა ლართან დაკავშირებით პროგნოზი გაკეთებული და მას არ ვცვლით. ის, რომ ეროვნულ ბანკს რეზერვები ელევა, ჯერჯერობით, ასე არ არის. რეზერვები არის. ლარის კურსზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს პოლიტიკური ფაქტორი. როგორც კი ცნობილი გახდა პრემიერის, გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ, ეროვნულ ბანკს რეკომენდაცია გავუწიეთ, რომ სავალუტო ბაზარზე დოლარი გამოეტანა. არ ვიცი, ჩვენი რჩევა გაითვალისწინეს თუ თავად გადაწყვიტეს, მაგრამ ფაქტია, რომ ინტერვენცია მოხდა, ბაზარზე 40 მილიონი დოლარი გამოიტანა და ამან ლარის გაუფასურებას ხელი ნამდვილად შეუშალა. თუ ეროვნული ბანკი ოთხშაბათისათვის არ გაიმეორებს მცირე ინტერვენციას, არ გამოვრიცხავთ, რომ ლარის გაუფასურება დაიწყოს. ჯერჯერობით, ვფიქრობთ, რომ ის ინტერვენცია, რომელიც მოხდა, ახლოვადიან პერსპექტივაში ბაზრისთვის საკმარისი იქნება. ჯამურად, ვარაუდობთ, რომ ლარი დოლართან მიმართებით 3.4 -3.45 ნიშნულზე იქნება. ეს რაც შეეხება პირველ კვარტალს. როგორც ეროვნული ბანკი აცხადებს, პირველი კვარტლის შემდეგ სავალუტო ბაზარზე აღარ იაქტიურებს, რაც ვფიქრობთ, არასწორია. თუ ასე მოხდა, ლარის გაუფასურების რისკი გაიზრდება. ის, რომ სახელმწიფოს ვალი მშპ -ის 60%-ს ასცდა, ცუდია, თუმცა, არა საგანგაშო. არის ქვეყნები, სადაც ეს მაჩვენებელი 120 %-საც აჭარბებს, თუმცა, მათ ჩვენგან განსხვავებით საშუალება აქვთ, რომ ახალი ვალუტა მოჭრან და მიმოქცევაში გაუშვან. ასეთი ფუფუნება ჩვენ არ გვაქვს. საქართველო სხვა ურთიერთობებითაა მიბმული სავალუტო ფონდთან და ფულის მოჭრა და მიმოქცევაში გაშვება შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი რაოდენობის ოქროს გაყიდის ან ესპორტიდან შემოვიდა საკმარისი რაოდენობის ვალუტა. მოკლედ, თუ პოლიტიკური სიტუაცია არ დამშვიდდა და არ დასტაბილურდა, ამ შემთხვევაში, ძალიან მაღალი ალბათობით, სარეიტინგო კომპანიები, მაგალითად, Fitch-ი, რომელმაც ჩვენი რეიტინგი უცვლელი დატოვა, ამ რეიტინგას შეცვლის, ანუ გააუარესებს. თუ ეს მოხდა, ქვეყანა მართლაც სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდება. რეიტინგის დაბლა დაწევა ნიშნავს, რომ ქვეყანას კრედიტების მიების შანსი მნიშვნელოვნად უმცირდება. შესაბამისად, კრედიტს, დაახლოებით, 1.5 მილიარდ დოლარს, რომლის აღებასაც წელს აპირებენ, ვეღარ მივიღებთ. ეს კი ქვეყანას მართლაც რომ გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდებს. როგორც ვიცით, შარშან ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი სწორედ აღებული სესხებით შეივსო. წელსაც ვალის გარკვეული ნაწილის გასტუმრება ახალი სესხით იგეგმება და თუ ამ სესხს ვერ მივიღებთ, პრობლემებიც შეგვექმნება.

-ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ინფლაცია რა ნიშნულზე იქნება?

რაც შეეხება ინფლაციას. როგორც ვიცი, საბოლოოდ 5.7 % -ს ვარაუდობენ. ინფლაციის მაჩვენებელი ჩვენთან თარგეთირებულია 3 %-ზე. თავისუფლედ შეიძლება, რომ როგორც განვითარებული ქვეყანა მიზნობრივი ინფლაცია აქ 4 % იყოს და ამით არაფერი დაშავდება. ჩემი აზრით, მარტის ბოლოსათვის ინფლაცია მიახლოებული იქნება თარგეთირებულთან. თუ გვინდა, ინფლაციის რეალური მდგომარეობა გავიგოთ, მე ვიტყოდი ასეთ რამეს – 2010 – 2011 წლის სამომხმარებლო ინდექსებთან შედარებით 2020 წლის დეკემბრის ინდექსი 143 %-ით არის შეცვლილი. ეს იმას ნიშნავს, რომ 2011 წელს თუ ადამიანს შეეძლო ასი ლარით გარკვეული პროდუქტის შეძენა, ახლა იმავე რაოდენობის შესაძენად 143 ლარია საჭირო. ინფლაცია საგრძნობლად გაზრდილია, მაგრამ ისეთ პროდუქტებზე, როგორიც არის წიწიბურა, შვრიის ფაფა, ზეთი 2011 წელთან შედარებით გაზრდილია 120 პროცენტზე მეტად. ანუ ინფლაცია დააბალანსეს იმით, რომ სხვადასხვა პროდუქტზე და მომსაურების სეგმენტზე ფასები არ შეცვლილა. მოკლედ, ლარის კურსიც, ინფლაციაც და სხვა ეკონომიკური პარამეტრებიც პოლიტიკურ ვითარებაზეა დამოკიდებული. კიდევ ერთხელ ლარს რომ მივუბრუნდეთ. კიდევ კარგი, რომ როგორც კი გახარია გადადგა, 40 მილიონი მიაშველეს ბაზარს. ნახეთ, როგორ წვალობს კურსი. ხუთშაბათს მოხდა ინტერვენცია, დღეს 3.5 -ის ნიშნულზეა ლარი. თუ ახლო მომავალში არ განხორციელდა მინიმუმ 40-მილიონიანი ინტერვენცია, იქეთ კვირაში ლარის დასტაბილურებას მინიმუმ 200 მილიონი დასჭირდება.

-ყველაზე უარესი და უკეთესი სცენარების შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი როგორი იქნება?

მიაქციეთ ყურადღება. შარშან სავალუტო ფონდმა გამოთქვა მოსაზრება, რომ საქართველოს ეკონომიკა 5 %-ით შემცირდებიდა. მთავრობა 4 %-იან ვარდნას ვარაუდობდა. ჩვენ ვთქვით, რომ ეკონომიკა მინიმუმ 6 % -ით შესრულდებოდა და ასეც მოხდა. რა მინდა, ვთქვა. თუ მარტიდან მეტი “ლოქდაუნი” აღარ იქნება და შეზღუდვებიც მოიხსნება, ვვარაუდობთ, რომ 2020 წელთან შედარებით ეკონომიკა 2 %-ით მეტად გაიზრდება. ეს უკეთესი სცენარის შემთხვევაში, რაც 2019 წელთან შედარებით მაინც ვარდნა იქნება. საერთოდ, 2021 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან მძიმე იქნება. ზაფხულში ან შემოდგომაზე თუ ეკონომიკის კიდევ ერთხელ თუნდაც ორკვირიანი ჩაკეტვის აუცილებლობა დადგა, ეკონომიკის ეს 2 %-იანი ზრდაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები