ირაკლი გამრეკელის დაბადებიდან 130 წელი გავიდა

დიდი ქართველი ხელოვანის, ფერმწერის, გრაფიკოსის, თეატრისა და კინოს მხატვრის, ქართული ავანგარდული სცენოგრაფიის მამამთავრის, ირაკლი გამრეკელის, დაბადებიდან 130 წელი გავიდა. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო პატივს მიაგებს დიდი ქართველი ხელოვანის, ირაკლი გამრეკელის, ხსოვნასა და განუზომელ ღვაწლს, რომელიც მან დასდო ქართული კულტურის განვითარებას.
ირაკლი გამრეკელმა განათლება თბილისის ვაჟთა პირველ გიმნაზიასთან არსებულ სამხატვრო კურსებზე და ნიკოლოზ სკლიფასოვსკის ხატვისა და ფერწერის სკოლაში მიიღო. 1920 წლიდან იგი აქტიურად ჩაერთო თბილისის შემოქმედებით ცხოვრებაში, მონაწილეობდა ქართველ მხატვართა გამოფენებში.
1921 წელს ახალგაზრდა ხელოვანმა ერთ-ერთ გამოფენაზე წარადგინა აკვარელით შესრულებული ილუსტრაციები. ნამუშევრებმა – „მალარია“ და „სიკვდილის ცეკვა“ – რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის ყურადღება მიიპყრო, რის შემდეგაც ის თბილისის ახალ თეატრში ოსკარ უაილდის „სალომეას“ სცენოგრაფად მიიწვიეს. მალე ირაკლი გამრეკელი რუსთაველის თეატრის მთავარი მხატვარი გახდა და დიდი წვლილი შეიტანა გამორჩეული ქართული თეატრალური სულის ჩამოყალიბებაში. განსაკუთრებით ნაყოფიერი და საინტერესო გამოდგა მხატვრის თანამშრომლობა სანდრო ახმეტელთან.
ირაკლი გამრეკელის შემოქმედების მთავარი მიმართულება სცენის დიზაინია. მან მხატვრულად გააფორმა ქართული თეატრის ეპოქალური წარმოდგენები: გრიგოლ რობაქიძის „ლონდა“ (1922, რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი), „ლამარა“ (1930, რეჟისორი სანდრო ახმეტელი) და „მალშტრემი“ (1923-24, რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი); ერნს ტოლერის „კაცი-მასა“ (1923); ფრანც ვერფელის „კაცი-სარკე“, უილიამ შექსპირის „ჰამლეტი“ (1925, რეჟისორი კოტე მარჯანიშვილი); საოპერო დადგმა „ზაგმუკი“ ანატოლი გლებოვის პიესის მიხედვით (1926); ნიკო შიუკაშვილის „ამერიკელი ძია“ (1926); ბორის ლავრენიოვის „რღვევა“ (1928, რეჟისორი სანდრო ახმეტელი); სანდრო შანშიაშვილის „ანზორი“ (1928, რეჟისორი სანდრო ახმეტელი); ვალტერ ჰაზენკლევერის „საქმის კაცი“ (1929); შალვა დადიანის „თეთნულდი“ (1931, რეჟისორი სანდრო ახმეტელი) და „ნაპერწკლიდან“ (1937); ფრიდრიხ შილერის „ყაჩაღები“ (1933, რეჟისორი სანდრო ახმეტელი); ალექსანდრე კორნეიჩუკის „ბოგდან ხმელინცკი“ (1940); კარლო გოლდონის „საპატარძლო აფიშით“ (1942) და სხვ.
ირაკლი გამრეკელი ქართული მემარცხენე ფუტურისტული მხატვრობის ერთ-ერთი ფუძემდებელია. მან შექმნა დიზაინი ჟურნალებისთვის „H2SO4“ (1924, ფუტურისტების ჟურნალი, რომლის რედკოლეგიის წევრი თავადაც იყო) და „მემარცხენეობა“. ასევე, იონა ვაკელის, გრიგოლ რობაქიძის, სიმონ ჩიქოვანის და სხვათა წიგნების დიზაინი და ილუსტრაციები (1926-1927 წწ.).
მხატვარი, შოთა რუსთაველისა და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრების გარდა, სპექტაკლებს აფორმებდა ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსულ დრამატულ თეატრში, თბილისის ოპერისა და ბალეტის, ლენინგრადის მაქსიმ გორკის სახელობის დიდ დრამატულ და ოდესის ოპერისა და ბალეტის თეატრებში.
ირაკლი გამრეკელი სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა რუსთაველის თეატრში.
აღსანიშნავია, რომ დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულმა გალერეამ ირაკლი გამრეკელის ნამუშევრების გამოფენას 14 მარტიდან 14 აპრილის ჩათვლით უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები