Business Insider Georgia-ს დამფუძნებლის, ეკონომისტ გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, ლარის კურსის მოკლევადიანი პერიოდის რყევა აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ გამოიწვია.
როგორც აბაშიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა, ლარის კურსზე არცერთ ფუნდამენტურ ფაქტორს, რომელზეც შეიძლება, ლარი ფუნდამენტურად რეაგირებდეს, გავლენა არ მოუხდენია.
“ჩვენ მცურავი გაცვლითი კურსი გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალუტა თავისუფლად რეაგირებს გარკვეული ტიპის მოვლენებზე, რომლებიც შეიძლება, ქვეყანაში იყოს. რაც შეეხება ბოლო 2 დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს – პირდაპირ რომ ვთქვათ, ლარის კურსზე არცერთ ფუნდამენტურ ფაქტორს, რომელზეც შეიძლება, ლარი ფუნდამენტურად რეაგირებდეს, გავლენა არ მოუხდენია. 4 ძირითადი ფაქტორია, რომელიც ლარის კურსზე რეაგირებს, ეს არის წმინდა ექსპორტი, ტურიზმი, გადმორიცხვები, ინვესტიციები. შეუძლებელი იყო, რომ რომელიმეს ამ პერიოდში გავლენა ჰქონოდა. მეტიც – ბოლო პერიოდის განმავლობაში ყველანაირი ტენდენცია ლარის კურსის სიმყარის, სტაბილიზაციის მიმართულებით მიდიოდა.
ამ შემთხვევაში მოკლევადიანი პერიოდის რყევა აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ გამოიწვია. ბევრმა შეიძლება, თქვას, რომ აჟიოტაჟიც ფაქტორია, კი ბატონო, ფაქტორია, მაგრამ ფუნდამენტური არაა. ეს ყოველთვის მოკლევადიანია, რომელიც შემდგომ გარკვეული ჩარევების შემთხვევაში საწყის ვითარებას უბრუნდება. ანუ, სხვანაირად რომ ვთქვათ, ლარი წონასწორულ მაჩვენებელზე იყო, ისე, რომ ფუნდამენტურ ფაქტორებს გავლენა არ მოუხდენია, წონასწორული მაჩვენებლიდან ლარის გადახრა მოხდა. როგორც კი ჩარევა განხორციელდა, მარეგულირებლის მხრიდან შესაბამისი ზომები იქნა მიღებული, თქვენ ახსენეთ სავალუტო ინტერვენცია, ლარმა წონასწორული მაჩვენებლისკენ წასვლა დაიწყო. ყოველთვის ასე ხდება, ეს ქართული მოვლენა არ არის”, – განაცხადა აბაშიშვილმა.
აბაშიშვილის ვარაუდით, ლარის კურსი მის წონასწორულ მდგომარეობას მომდევნო კვირის განმავლობაში დაუბრუნდება.
“როდესაც კურსზე აჟიოტაჟური, ემოციური ფაქტორები გავლენას ახდენს ხოლმე, ეს წონასწორული მდგომარეობიდან გადახრას იწვევს, შემდეგ წონასწორობაში აუცილებლად ბრუნდება, მაგრამ გადახრა, როგორც წესი, უფრო სწრაფად ხდება, დაბრუნება შედარებით ნელი ტემპით, ნელი ტემპი რამდენიმე დღეს ნიშნავს, არცერთ შემთხვევაში ეს კვირებთან არ არის დაკავშირებული. მე ვვარაუდობ, რომ ლარის კურსი, როგორც ჩვენ, ეკონომისტებს გვიყვარს ხოლმე თქმა, სხვა თანაბარ პირობებში, მის წონასწორულ მდგომარეობას მომდევნო კვირის განმავლობაში დაუბრუნდება. რაიმე ტიპის სხვა რყევას არ ველოდები, მგონია, რომ ემოციური ფონი უპირატესად დამშვიდებულია. მარეგულირებელმა ის გააკეთა, რაც უნდა გაეკეთებინა – სავალუტო ინტერვენცია. მარეგულრიებელმა, ეროვნულმა ბანკმა ბაზარს ნიშანი მისცა, რომ ის მოწოდების სიმაღლეზეა და რყევას აზღვევს. ეს მესიჯი ბაზარს, მის ყველა მსხვილ მოთამაშეს მიღებული აქვს. ამ მესიჯმა მოსახლეობაზე გავლენა უკვე იქონია. ტაბლოებზე ფაქტობრივ, ამ წუთისთვის არსებულ საბაზრო- გაცვლით კურსს რომ შევხედოთ, ვითარება გუშინდელი დილის პერიოდთან შედარებით რამდენიმე პუნქტით გაუმჯობესებისკენ, სტაბილიზაციისკენაა წასული. ეს ვერცერთი ინტერვენციით ვერ მოხდებოდა, მოსახლეობას და ბაზრის მოთამაშეებს რომ არ დაეჯერებინათ, რომ ეს აჟიოტაჟი იყო და არაფერი სხვა.
ვინ ზარალდება ამ დროს? 99 %-ის შემთხვევაში ფიზიკური პირები ზარალდებიან ხოლმე. ეს მთელს მსოფლიოში ხდება. პანიკის შემთხვევაში, როგორც წესი, იურიდიულ პირებს საკმარისი ექსპერტიზა აქვთ, რომ პანიკას არ აჰყვნენ, საკმარისი რესურსებიც აქვთ, რომ ბუფერი ჰქონდეთ, ამ დროს ძირითადად ფიზიკურ პირებზე, რომლებიც არასათანადოდ არიან ინფორმირებულები, პანიკური ზემოქმედება მაღალია. დაზარალების კოეფიციენტი ფიზიკურ პირებზე ყოველთვის მაღალია.
ჩემი რეკომენდაცია ყველასთვის ისაა, რომ ვითარებას ცოტა მეტად მასშტაბში შეხედონ ხოლმე, პოლიტიკოსებზე მეტად ეკონომისტებს მოუსმინონ. დანაკარგები მინიმიზირებული იქნება”, – განაცხადა აბაშიშვილმა.