სერგო ორჯონიკიძის სიკვდილი და პარტია მის წინააღმდეგ

სტალინი და სერგო ორჯონიკიძე

სოციალურ ქსელში, ინფორმაციის თავისუფლების ინსტიტუტის კუთვნილ გვერდზე, რომელზეც 1937-1938 წლების მასობრივ რეპრესიათა მონაწილეების შესახებ სხვადასხვა ინფორმაცია ქვეყნდება, ბევრ საინტერესო ამბავს წააყდებით. იმ ადამიანებსაც გაიცნობთ, რომლებიც მთელი ამ საშინელების შემოქმედები თუ უშუალო შემსრულებლები იყვნენ და მათაც, ვინც ყველაფერი თავიანთ თავზე იწვნიეს.

ეს სტატია 1921 წლის სისხლიანი თებერვლის მთავარ ორგანიზატორს, სერგო ორჯონიკიძეს ეძღვნება.


ბოლო 2 წლის მანძილზე ამხანაგ ორჯონიკიძეს პერიოდულად აწუხებდა სტენოკარდიისა და გულის ასთმის შეტევები. ბოლო მძიმე შეტევა მან 1936 წლის ნოემბერში გადაიტანა. 1937 წლის 18 თებერვალს დილიდან ამხ. ორჯონიკიძეს არ გამოუთქვამს რაიმე წუხილი ჯანმრთელობის მხრივ, 17 საათსა და 30 წუთზე, დღისით დასვენებისას თავი იგრძნო ცუდად და რამდენიმე წუთში იგი გულის უკმარისობით გარდაიცვალა – ასეთი იყო სერგო ორჯონიკიძის გარდაცვალების ოფიციალური ვერსია.

სიმართლე კი სერგო ორჯონიკიძის მეუღლემ, ზინაიდა პავლუცკაიამ მხოლოდ 1956 წელს გაამხილა: ტყვიით მოკლული სერგო ორჯონიკიძის სხეული საძინებელში თავად აღმოაჩინა. საქართველოში 1921 წლის სისხლიანი თებერვლის მთავარმა ორგანიზატორმა, 16 წლის თავზე, თებერვალში მოიკლა თავი.

1886 წლის 24 ოქტომბერს სოფელ ღორეშაში დაბადებული, მომავალი ფელდშერი, გრიგოლ კონსტანტინეს ძე ორჯონიკიძე, პარტიული ფსევდონიმით „სერგო„, ძველი ლენინელი ბოლშევიკი იყო. 1907 წელს ბაქოს ციხეში სერგო მოხვდა იმავე კამერაში, სადაც სტალინი იხდიდა სასჯელს და იქ დაუმეგობრდა მას. სერგო იმ იშვიათთაგანი იყო ვინც „შენობით“ მიმართავდა ბელადს. აქტიური რევოლუციური საქმიანობისათვის იგი არაერთხელ დააპატიმრეს და საბოლოოდ ციმბირში სამუდამო გადასახლებაც მიუსაჯეს, საიდანაც საზღვარგარეთ გაქცევა მოახერხა. იგი მონაწილეობდა სამოქალაქო ომში, როგორც წითელი არმიის პოლიტიკური მეთაური, ირანის რევოლუციაში, იყო უკრაინის საგანგებო კომისარი, ხელმძღვანელობდა რევოლუციას კავკასიაში.

1921 წელს ის მეთაურობდა ბოლშევიკთა შემოჭრას საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში და შემდგომში ქვეყანაში ბოლშევიკური რეჟიმის განმტკიცებას. განსაკუთრებული დაუნდობლობა გამოიჩინა 1924 წლის აჯანყების ჩახშობისას: პატიმართა შორის აღმოჩნდა ვაჟა-ფშაველას ვაჟი ლევან რაზიკაშვილიც, რომლისთვისაც სიცოცხლის შენარჩუნების თხოვნით, მას ქართველ მწერალთა ჯგუფი ეახლა. ამ ვიზიტის შემდეგ ხალხში გავრცელდა სერგო ორჯონიკიძის პასუხი: „ვაჟა ფშაველას შვილი კი არა, თვით ვაჟასაც დავხვრეტდით, ცოცხალი რომ იყოსო“. ლევან რაზიკაშვილი 1923 წლის 16 თებერვლის ღამით დახვრიტეს.

1930 წლიდან დაიწყო ორჯონიკიძის პარტიული აღზევება: ის გახდა კომპარტიის ცკ-ს წევრი, მაღალი თანამდებობები ეკავა ამიერკავკასიის პარტიულ კომიტეტში. 1932 წლიდან ორჯონიკიძემ დაიკავა მძიმე მრეწველობის სახალხო კომისრის პოსტი და ამავე პერიოდიდან დაიწყო მისი ძირითადი საქმიანობა, რომელიც სისხლიან კოლექტივიზაციასა და გლეხების ქონების ექსპოპრიაციას ეფუძნებოდა. მის სახელს უკავშირდება მძიმე მრეწველობის არაერთი გიგანტური ქარხნის დაფუძნება და ექსპლუატაციაში ჩაშვება. ცნობილი გამოთქმა, რომ „სტალინმა ჩაიბარა გუთნის რუსეთი და დატოვა ატომური რუსეთი“, ორჯონიკიძის ორგანიზატორულ-ექსპლუატატორული უნარისა და ენერგიულობის დამსახურებაცაა. 30-იან წლებში ჩამოყალიბდა სერგო ორჯონიკიძის კულტიც, ვინაიდან აურაცხელი ობიექტი ატარებდა მის სახელს: მძიმე მანქანათწარმოების ურალის ქარხანა, ე.წ. „ურალმაში“, ლენინგრადის გემთმშენებლი ქარხანა, სევასტოპოლის გემთმშენებლი და გემთშემკეთებელი ქარხანა, მოსკოვის დაზგათმშენებლი ქარხანა, ფოთის გემთმშენებლი და გემთშემკეთებელი ქარხანა, ქარხანა „უკრცინკი“, პოდოლსკის მანქანათმშენებელი ქარხანა, მეტალურგიული ქარხნები კოლჩუგინოში, „ზაპოროჟსტალი“, „აზოვსტალი“, ხაბაროვსკის ნავთობგადამამუშავები ქარხანა, ტრაქტორის მწარმოებელი ქარხანა, შახტები და ა.შ. აგრეთვე არაერთი სამეცნიერო თუ სასწავლო დაწესებულება და ჩრდილოეთ ოსეთის ცენტრალურ ქალაქი ვლადიკავკაზი.

სერგო ორჯონიკიძის თვითმკვლელობის მიზეზებზე საუბრისას ისტორიკოსების მიერ იკვეთება ბერიას აქტიური კვალი: ბერიამ ხელი შეუწყო ამიერკავკასიის ხელმძღვანელ პირებს შორის სერგოს ავტორიტეტის შელახვას და საბოლოოდ იმასაც მიაღწია, რომ მათ ორჯონიკიძესთან ყველანაირი კონტაქტი შეეწყვეტათ. ორჯონიკიძის თვითმკვლელობამდე მცირე ხნით ადრე დაიწყო ფართომასშტაბიანი დაპატიმრებების სერია საწარმოო დაწესებულებებში „ფართოდ გავრცელებული მავნებლობის აღმოფხვრის“ ეგიდით. მრავალ დაპატიმრებულს იგი პირადად იცნობდა, აქტიურად იცავდა მათ და აფიქსირებდა სტალინთან თავის პროტესტს. ორჯონიკიძის მეუღლის გადმოცემით, თვითმკვლელობამდე ერთი დღით ადრე: „..სერგოს ცეკას პლენუმზე, სტალინის დავალებით მოხსენება უნდა გაეკეთებინა წარმოებაში მავნებლების წინააღმდეგ… სტალინმა მისი მოხსენება დაიწუნა, ველებზე მინაწერები იყო „ხა-ხა..ს“ მსგავსი. ორჯონიკიძე ტელეფონით კამათობდა და ჩხუბობდა, წერდა, ორჯერ წავიდა და დაბრუნდა ბელადის კაბინეტიდან… საოცრად აღელვებული იყო…“ მეორე დღეს, 18 თებერვალს სერგო ორჯონიკიძემ ცხოვრება თვითმკვლელობით დაასრულა.

1937 წელს დააპატიმრეს და დახვრიტეს სერგო ორჯონიკიძის უფროსი ძმა პავლე (პაპულია) – ამიერკავკასიის სარკინიგზო გზების ხელმძღვანელი. 1937 წლის 21 ოქტომბრის სიას, რომელშიც პავლეს სახელიც ფიგურირებდა, ხელი სერგოს პარტიულმა მეგობრებმა: სტალინმა, მოლოტოვმა, კაგანოვიჩმა და ვოროშილოვმა მოაწერეს. 1938 წელს 10 წლით გადაასახლეს მისი მეუღლე, ზინაიდა პავლუცკაია. ამავე წელს გაასამართლეს სერგოს კიდევ ერთი ძმა, ივანე და მისი მეუღლე, ხოლო 1941 წელს დააპატიმრეს მესამე ძმა – კონსტანტინეც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები