„ჩვენ გავაგრძელებთ ჯარის მზადყოფნის მუდმივ ამაღლებას და ჩვენს სამხედროებზე ზრუნვის პოლიტიკას – გაგრძელდება ყველა მიმართულებით სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება თავდაცვის ძალებში“ – ჯუანშერ ბურჭულაძე

„ჩვენ გავაგრძელებთ ჯარის მზადყოფნის მუდმივ ამაღლებას და ჩვენს სამხედროებზე ზრუნვის პოლიტიკას. გაგრძელდება ყველა მიმართულებით სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტების დამკვიდრება თავდაცვის ძალებში“, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძემ საქართველოს პარლამენტში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოცხადებისთვის წარმოდგენილი ახალი სამთავრობო პროგრამის თავდაცვის სამინისტროს ნაწილის წარდგენისას განცხადა.

ჯუანშერ ბურჭულაძის განცხადებით, მის მიერ წარმოდგენილი რეფორმების ხედვა თავდაცვის სისტემას უფრო ეფექტურს გახდის, გაზრდის ნატოსთან თავსებადობას და განამტკიცებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას. „საქართველოს, მისი გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით, მთავარ მიზანს წარმოადგენს ძლიერი სახელმწიფოს შექმნა, როგორც ეკონომიკით, ასევე ძლიერი თავდაცვისუნარიანობის შექმნით. რუსეთის რეგიონისადმი გაძლიერებულ ინტერესს ჩვენ დავუპირისპირებთ ძლიერ ეკონომიკას, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და საერთაშორისო ასპარეზზე გააქტიურებულ წინსვლას, როგორც ნატოს ასევე სხვა მისიებში წარმატებულ მონაწილეობას. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს ჩვენ პარტნიორებს დავანახეთ, რომ საქართველო მზად არის დასკვნითი ნაბიჯები გადადგას ევროატლანტიკურ ოჯახში გასაწევრიანებლად და საქართველოში რუსეთის აგრესიის დასასრულებლად. მოხარული ვარ, რომ მე მქონდა საშუალება აქტიური წვლილი შემეტანა ამ პროცესში, რომელსაც ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ და შეუქცევადს გავხდით“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა.

ჯუანშერ ბურჭულაძეს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოუსმინეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები