სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
სახალხო დამცველი პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება, სადაც აქტივისტებს პოლიციის თანამშრომლები კარვის განთავსების შესაძლებლობას არ აძლევენ.
მისი თქმით პოლიციას ეკისრება, შეკრების მიმდინარეობისას, თავი შეიკავოს ვითარების ხელოვნური ესკალაციისგან და აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, დაპირისპირების რისკების თავიდან აცილების მიზნით, მოლაპარაკებები და დიალოგი აწარმოოს აქციების მონაწილეებთან.
„საქართველოს სახალხო დამცველი წარსულში არაერთხელ გამოეხმაურა შეკრების მონაწილეებისთვის კარვის განთავსების შეზღუდვის ფაქტებს და განმარტა, რომ მსგავსი დროებითი კონსტრუქციების განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული, ხოლო ხსენებული შესაძლებლობის ჩამორთმევა გაუმართლებელია, როდესაც კარვის განთავსების შედეგად, ადგილი არ აქვს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას. თავის მხრივ, ასეთი საშიშროება პარლამენტის შენობის წინ არსებულ ფართო ტროტუარზე არ იკვეთება. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში, შეკრების მონაწილეთა მხრიდან კარვის ფლობის შედეგად, კანონსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების რისკის არსებობა არ ვლინდება.
აქციის ფარგლებში კარვებისა და სხვა არამუდმივი კონსტრუქციების აღმართვის შესაძლებლობა ხაზგასმულია მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შესახებ ეუთოს სახელმძღვანელო პრინციპებში. უფლებით სარგებლობის ფარგლებში კარვის განთავსების შესაძლებლობას ეროვნული სასამართლოც აღიარებს.
იქიდან გამომდინარე, რომ შეკრების თავისუფლებაში მსგავსი სახის გაუმართლებელ ჩარევას გასულ წლებში სისტემური ხასიათი ჰქონდა, 2018 წელს, სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა. აღნიშნულის შემდგომ შსს-ს მხრიდან აღარ ხდებოდა კარვების დადგმაში ხელშეშლა, თუმცა სამწუხაროდ, ბოლო პერიოდი ისევ დაიწყო მსგავსი უკანონო ზომის გამოყენება“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.