საია დღევანდელი აქციის შესახებ შსს-ს მიმართავს
საია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, ტროტუარზე კარავის მეშვეობით შეკრების ჩატარების უფლებას პატივი სცეს.
როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ტროტუარზე კარავის დადგმის მეშვეობით პროტესტის გამოხატვა, არათუ კანონით აკრძალულ ქმედებას, არამედ შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.
„მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2021 წლის 19 თებერვალს, თბილისში რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ მიმდებარე ტერიტორიაზე, პოლიციამ აქციის მონაწილეებს არ მისცეს უფლება გაეშალათ კარავი, ხოლო პოლიციის თანამშრომლებმა პარლამენტის შენობის წინ შეკრებილი 20 აქტივისტი დააკავეს, რომლებიც კარვების გაშლას ცდილობდნენ.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის მე-111 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად: „დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/დასაგნებით გადაკეტვა“. ეს ნორმა კრძალავს კარვის, სხვაგვარი კონსტრუქციის ან საგნის ტრანსპორტის სავალნაწილზე განთავსებას, რაც გამოიწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას ან/და შენობის შესასვლელის ბლოკირებას. კანონი არ კრძალავს შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარებისას კარვის ტროტუარზე ანუ ფეხით მოსიარულეთა ადგილზე განთავსებას, ტროტუარზე კარავის დადგმის მეშვეობით პროტესტის გამოხატვა, არათუ კანონით აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს, არამედ როგორც „პარტიზანი მებაღეების“ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წლის 31 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაადგინა, წარმოადგენს შეკრებისა და მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების შემადგენელ ნაწილს.
,,პარტიზანი მებაღეების“ საქმეში თბილისის საქალაქო სასამართლომ ტროტუარზე კარვის დადგმისაკრძალვა დასაშვებად მიიჩნია მხოლოდ მაშინ, თუკი ამით ხდება ადმინისტრაციული ორგანოს პარალიზება ან მისი ნორმალური საქმიანობისათვის ხელის შეშლა.
გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რომ აქციის მონაწილეები გეგმავდნენ კარვის დადგმას, არა ტრანსპორტის სავალ ნაწილზე, არამედ ტროტუარზე, სადაც ეს ქმედება არ იკრძალება. კარვის დადგმა განპირობებული იყო ცივ ამინდში მშვიდობიანი შეკრების გაგრძელების მიზნით. ამგვარად, არ არსებობს პოლიციის მიერ კარვის განთავსების აკრძალვით შეკრების ჩატარების შეზღუდვის აუცილებლობა.
საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, პატივი სცეს ადამიანის უფლებას – მშვიდობიანი შეკრება განახორციელოს ტროტუარზე კარვის განთავსების გზით. ასევე, მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს, შეისწავლონ მშვიდობიანი შეკრების უფლების შეზღუდვის ფაქტი და მოახდინონ შესაბამისი რეაგირება“, – აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.