გიორგი გაბუნიას ადევნებისა და პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო
ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას ადევნებისა და პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე ბრალდებული პირი თბილისი საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის, ყალბი დოკუმენტების გამოყენების, ადევნებისა და პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე ბრალდებული მ.გ. სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
,,თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყალბი პასპორტის გამოყენებით უკანონოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის, ყალბი დოკუმენტების გამოყენების, ადევნებისა და პირადი ინფორმაციის უკანონოდ მოპოვების ფაქტებზე ბრალდებული მ.გ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ მ.გ.-მ, ვ.ბ.-ს სახელზე გაცემული ყალბი პასპორტის გამოყენებით 2016 წლის 2 ოქტომბრიდან 2020 წლის 11 მარტამდე პერიოდში უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და საქართველოში ყალბ დოკუმენტებს იყენებდა.
ასევე, დადგინდა, რომ 2020 წლის 11 თებერვლიდან 2020 წლის 13 ივნისამდე პერიოდში მ.გ. სისტემატურად ახორციელებდა „მთავარი არხის“ ჟურნალისტის გ.გ.-ს უკანონო თვალთვალს და მის შესახებ პირადი ინფორმაციის მოპოვებას.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გ.გ. დაზარალებულად იყო ცნობილი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ მ.გ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (9 ეპიზოდი), 344-ე მუხლის პირველი ნაწილით (7 ეპიზოდი), 151 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, 157-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად საბოლოოდ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”, – ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.