„ნიკა მელიას სტატუსი ვერ იქნება იმის ინდულგენცია, რომ კანონის წინაშე პასუხი არ აგოს” – იურისტი ნოდარ მელაშვილი
“ნიკა მელიას სტატუსი, მისი პარლამენტარობა ვერ იქნება იმის ინდულგენცია, რომ კანონის წინაშე პასუხი არ აგოს”, – ამის შესახებ იურისტმა, ნოდარ მელაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში სტუმრობისას განაცხადა.
მელაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეს გამოეხმაურა.
მისი თქმით, აღნიშნული საქმე პოლიტიკური არაა.
„ბუნებრივია, სასამართლოს განჩინება უნდა აღსრულდეს. ბრალდებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება უნდა იქნას გამოყენებული.
ნიკა მელიას საქმე საკმაოდ საინტერესო საქმეა თავისი სამართლებრივი შიანარსით. ამ საქმეს თავისი მორალური მხარე, სამართლებრივი შინაარსი და პოლიტიკური ხასიათი აქვს. პირველი, რაც აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ აღინიშნოს – ეს საქმე, რა თქმა უნდა, არ არის პოლიტიკურად მოტივირებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის არ არის ხელმისაწვდომი საქმის ყველა მასალა, არსებობს საჯაროდ გავრცელებული მტკიცებულებები, რომლებიც მის მიერ დანაშაულის ჩადენის ნიშნებს ცხადყოფენ.
რატომ არ არის ეს საქმე პოლიტიკური? ბრალის წარდგენიდან დღემდე მოყოლებული სახელმწიფო ბრალდების მხრიდან არ ვხედავდით რაიმე ისეთ ნაბიჯს, რომელიც მელიასთვის თავისუფლების აღკვეთას ემსახურებოდა. აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული იქნა გირაო, ის ელექტრონული სამაჯური, რომელსაც საქართველოში დაახლოებით 400 ადამიანი ატარებს. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვხედავთ, რომ ნიკა მელია არღვევდა კანონს. მან მოიხსნა ეს სამაჯური, საჯაროდ გადააგდო. პროკურატურა ისევ დაუბრუნდა სამართლებრივ ჩარცოებს და გირაოს შეფარდებას მიმართა. ვისმენდით მელიას განცხადებებს, რომ იგი არ აპირებდა გირაოს თანხის გადახდას. პროკურატურას, კანონის შესაბამისად, დარჩა მხოლოდ ერთი ალტერნატივა, მიემართა სასამართლოსთვის და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოეთხოვა. ჩამოთვლილიდან გამომდინარე, ჩანს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული არაა.
ნიკა მელიას სტატუსი, მისი პარლამენტარობა ვერ იქნება იმის ინდულგენცია, რომ კანონის წინაშე პასუხი არ აგოს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ეს საქმე არის სუფთა სამართლებრივი შინაარისის და არანაირი კავშირი არ აქვს პოლიტიკოსთან“, – განაცხადა მელაშვილმა.
ცნობისთვის, 20 ივნისის საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.