მიხეილ სარჯველაძე: მე უარვყოფდი ამ გარემოებას, რომ დაპირისპირება არსებობდა, გაჩნდა კონკრეტული უთანხმოება და ამაზე ისაუბრა გიორგი გახარიამ

“სიმართლე გითხრათ, არ მაქვს ასეთი მოლოდინი”, – ასე პასუხობს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ჟურნალისტების კითხვას, რამდენად შესაძლებელია, რომ პარლამენტმა ვერ დაამტკიცოს მთავრობა და პროცესი რიგგარეშე არჩევნებამდე მივიდეს.

„სიმართლე გითხრათ, არ მაქვს ასეთი მოლოდინი. არ მგონია ნამდვილად, რომ პროცესები შეიძლება, წავიდეს რიგგარეშე არჩევნებისკენ და იმ სცენარით, რომელსაც აანონსებს ოპოზიციური პარტიები”, – განაცხადა სარჯველაძემ.

მისივე თქმით, სხვა საკითხებთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან აზრთა სხვადასხვაობა, რაიმე დაპირისპირება არ ყოფილა და უთანხმოება მხოლოდ იმ საკითხებს უკავშირდებოდა, რაზეც გახარიამ ისაუბრა.

“მე უარვყოფდი ამ გარემოებას, რომ დაპირისპირება არსებობდა, დღესაც არ დადასტურებულა იმ ფორმულირებებით რაზეც იყო საუბარი, რომ დაპირისპირება იყო, გაჩნდა კონკრეტული უთანხმოება და ამაზე ისაუბრა ბატონმა გიორგი გახარიამ”, – განაცხადა სარჯველაძემ.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიამ საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობა დატოვა. მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა: “ნიკა მელია გახლავთ ადამიანი, რომელიც ქართულ კანონმდებლობას დიდად არასდროს სცემდა პატივს. იგი არის ადამიანი, რომელიც 20 ივნისს მოქალაქეებს პარლამენტის შტურმისკენ მოუწოდებდა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი აბსოლუტური ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ, თუნდაც, კანონიერი მართლმსაჯულებით განსაზღვრული აღსრულება, თუ ეს რისკს უქმნის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას ან ქვეყანაში პოლიტიკური ესკალაციის შესაძლებლობას ქმნის, მიუღებელია”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები