გიორგი ხანიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, გიორგი ხანიშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრს, გიორგი სურმანიძეს შეხვდა. მხარეებმა სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის მიზნით მიმდინარე და დაგეგმილი სახელმწიფო პროექტები განიხილეს. შეხვედრას ესწრებოდა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი – ზურაბ ჩეკურაშვილიც. აღინიშნა, რომ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებები წელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად კოორდინებულად წარიმართება. „გასული წელი იყო რთული, თუმცა, ერთობლივი ძალისხმევით, ბევრი პრობლემის გადაჭრა და გამოწვევის დაძლევა შევძელით. 2021 წელი მეტად წარმატებული იქნება. სახელმწიფოს მხრიდან ციტრუსის, თხილისა და სხვა აგრარული დარგების განვითარების მხარდაჭერა გაზრდილია. ამავდროულად, მინდა აღვნიშნო, უმნიშვნელოვანესია ფერმერების მეტი აქტიურობა მოსავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად“, – განცხადა გიორგი ხანიშვილმა.
გიორგი სურმანიძემ აჭარაში აგრარული სექტორის პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გასულ წელს აჭარაში, ფაროსანას წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების შედეგად, მავნებლის რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც რეგიონის ძირითადი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე და, შედეგად, ფერმერების შემოსავალზე აისახა.