თინა ბოკუჩავა: ,,გირჩის” ეს ნაწილი არ იზიარებს ოპოზიციის ფუნდამენტურ მოსაზრებებს, რომელიც ეხება საპარლამენტო ბოიკოტს
,,გირჩის” ეს ნაწილი არ იზიარებს ოპოზიციის ფუნდამენტურ მოსაზრებებს, რომელიც ეხება საპარლამენტო ბოიკოტს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, „გირჩის“ პოზიციებს გაერთიანებული ოპოზიცია კარგა ხანია, იცნობს.
„ამიტომ ჩავთვალეთ, რომ სამომავლო გეგმების განხილვას ასეთ ფორმატში იმ ადამიანებთან, რომლებთანაც ვერ ვთანხმდებით ყველაზე ფუნდამენტურ და საკვანძო საკითხზე, არ იქნებოდა მიზანშეწონილი. უბრალოდ, მე ვიფიქრე, რომ ამას გაიგებდნენ ეს ადამიანები, რომლებმაც შემდეგ შეხვედრა დატოვეს და არასწორი შეფასებები გააკეთეს.
დღესაც დაიწყეს საუბარი საარჩევნო ბარიერზე. ხომ ვიცით მათი პოზიცია, ამ დროს მე და გიგი სუფთა ჰაერზე გავედით. თუმცა, არც მე და არც გიგი სიგარეტს არ ვეწევით, არ ვიცით, ეს მომენტი სად დაიჭირეს. სხვა ოპოზიციური პარტიებიც გამოვიდნენ გარეთ, რადგან კამათისა და დაპირისპირების და „საქმის გარჩევის“ დრო ოპოზიციაში ნამდვილად არ არის“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
„გირჩმა“ ოპოზიციის გაერთიანებული შეხვედრა ნაადრევად დატოვა, რის შემდეგაც პარტიის ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა: „შეხვედრა ძალიან მალე დავტოვეთ და მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ რაღაც კითხვები დავსვით და ამ კითხვებზე არათუ პასუხი ვერ მივიღეთ, გავიდნენ გარეთ და სიგარეტის მოწევა დაიწყეს ნაცვლად იმისა, რომ კითხვებზე ეპასუხათ“.
დღეს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეიკრიბნენ და ნიკა მელიას დაპატიმრების შემთხვევაში მოქმედების გეგმაზე მსჯელობდნენ.