გასულ კვირას აფხაზმმა პოლიტიკოსებმა რუსეთის დუმას მიმართეს აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნის მოთხოვნით, რომლის განხილვას რუსეთის საკანონმდებლო ორგანო უახლოეს ხანებში აპირებს. რუსეთ-საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას ეხმაურებიან როგორც სომეხი, ისე – აზერბაიჯანელი ექსპერტები და მიიჩნევენ, რომ რეგიონის პოლიტიკურ-ეკონომიკური სტაბილიზაციისთვის რკინიგზის საქართველოს მონაკვეთის გახსნა მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი გახდება.
რა მოლოდინები აქვთ ქართველ პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს აფხაზეთის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნასთან დაკავშირებით. ვახტანგ მაისაია ფიქრობს, რომ სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედება საქართველოსთვის გეოპოლიტიკურად მომგებიანი ვერ გახდება, რადგან რეგიონში რუსეთის ჰეგემონურ გაბატონებას შეუწყობს ხელს, თუმცა, ქართული ეკონომიკას მნიშვნელოვნად წაადგება.
,,თუ აფხაზეთის რკინიგზის გახსნას პოლიტიკურ ჭრილში განვიხილავთ, კონფლიქტის დარეგულირების კუთხით, რასაკვირველია, დადებითად უნდა შევაფასოთ. ამ პროცესში მნიშვნელოვანია ქართული სახელმწიფო პოზიციების გამოკვეთა. კავკასიაში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენები, ყარაბაღის მეორე ომის შედეგები, საქართველოს გეოპოლიტიკურ ჩიხში აქცევს. რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნა კი ამ ჩიხიდან გამოსავალია“, – განაცხადა ,,კვირასთან“ საუბრისას ექსპერტმა, ვახო მაისაიამ.
პოზიტიურად უყურებს რუსეთ-საქართველოს სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილიც, რომელიც წლების განმავლობაში რკინიგზის გახსნის მომხრე იყო – მაშინაც კი, როდესაც ქართველ პოლიტიკოსთა მხრიდან ამ თემაზე საუბარი მოღალატურად ფასდებოდა.
,,ყარაბაღის ომის შემდეგ აშკარა ხდება, რომ საქართველო კარგავს გეოპოლიტიკურ პრიორიტეტებს. ახალი სატრანზიტო გზა, მათ შორის, სარკინიგზო მაგისტრალი ახლა სომხეთიდან, ნახჭევნის გავლით, თურქეთს დაუკავშირდება. ქართული პორტები ამ პროცესში თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. თუ სარკინიგზო მაგისტრალის აფხაზეთის მონაკვეთი არ ამოქმედდება, სომხური ტვირთები, ბაქოს გავლით, თურქეთში შევა და ჩვენი ეკონომიკა სომხური ტვირთების ტრანზიტიდან შემოსულ მნიშვნელოვან ფინანსებსაც დაკარგავს. ახალი მაგისტრალის გახსნამ რომ საქართველო სრულ ჩიხში არ მოაქციოს, ვფიქრობ, სარკინიგზო მიმოსვლის აფხაზეთის მონაკვეთის გახსნა გონივრული ნაბიჯი იქნება. ამ შემთხვევაში მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ რუსი და ქართველი პოლიტიკოსები, აფხაზები არაფერ შუაში არიან და მათი აზრი მოლაპარაკებათა პროცესში საერთოდ უგულებელყოფილი უნდა იყოს. თუმცა, აფხაზებმა კარგად იციან, რომ მათ ბოლო შანსი აქვთ საკუთარი თავი პოლიტიკურ მოლაპარაკებათა პროცესში მხარედ დაფიქსირებისა. სარკინიგზო მაგისტრალის გახსნა შესაძლებელია მხოლოდ ორი მხარის – რუსეთისა და საქართველოს თანხმობის პირობებში და ამ პროცესში ყოველგვარი მესამე მხარის არსებობა უნდა გამოირიცხოს”, – აცხადებს ,,კვირასთან“ საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
მან დადებითად შეაფასა 2010 წელს რუსეთ-საქართველოს მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება საავტომობილო ტვირთების გატარების შესახებ, რომელიც კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებათა ფორმატში შემუშავდა. მართალია, ხელშეკრულება ჯერჯერობით მხოლოდ “დე იურედ” არსებობს, თუმცა, ის ერთი დადებითი რგოლია ორ სახელმწიფოს შორის მოლაპარაკებათა პროცესში.
სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას პოზიტიურად აფასებს პარტიის – ,,ჩვენ თვითონ“ თავმჯდომარე, პაატა დავითაიაც. მისი აზრით როგორც რუსეთს, ისე საქართველოს, სომხეთსა და აზერბაიჯანს ხელს აძლევს რკინიგზის საქართველოს მონოაკვეთის გახსნა, რომლითაც მოკლდება დაახლოებით 900-კილომეტრიანი გზა, რაც ინვესტორისთვის დროისა და სახსრების დაზოგვას ნიშნავს და მომგებიანია ყველა სახელმწიფოსთვის. ,,რკინიგზა არის უნიკალური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც გარდა იმისა, რომ ეკოლოგიურად ყველაზე უსაფრთხოა, დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური დატვირთვაც ეკისრება კავკასიის რეგიონში. სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა საქართველოს რეგიონში კვლავ მნიშვნელოვან სატრანსპორტო საკვანძო ცენტრად აქცევს. მნიშვნელოვანია, რომ მოლაპარაკებათა პროცესში დაფიქსირდეს ორი პოლიტიკური სუბიექტი, საქართველო და რუსეთი. ეს კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს იმ პოლიტიკურ ვითარებას, რომ აფხაზეთი ამ პროცესში არ იქნება ჩართული, როგორც მხარე და მისი პოლიტიკური ინტერესები არსად დაფიქსირდება“, – განუცხადა ,,კვირას“ პოატა დავითაიამ.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის დუმა აფხაზეთის მონაკვეთის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნის შესაძლებლობაზე დებატებს უახლოეს კვირებში გეგმავს.
ია დანელია