ევროპაში ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპებით მიმდინარეობს, ევროკავშირმა შესაძლოა 90 მილიარდი ევრო დაკარგოს

ევროპაში ვაქცინაციის პროცესი ნელი ტემპებით მიმდინარეობს, რის გამოც შესაძლოა ევროკავშირმა 90 მილიარდი ევრო დაკარგოს, აცხადებენ ეკონომისტები, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათი ინფორმაციით, ამ დროისათვის, ევროპა ხუთი კვირით უკანაა ვაქცინაციის პროცესში და თუკი ტემპები არ დაჩქარდება, ევროკომისიის მიერ დასახული მიზანი, 2021 წლის ზაფხულისთვის აცრას მოსახლეობის 70%-ი, არარეალისტურია.

„უფრო მეტიც, ვაქცინაციის ასეთი ტემპებით გაგრძელების შემთხვევაში, შეუძლებელი იქნება 2021 წლის ბოლოსთვის ე.წ. ჯოგური იმუნიტეტის მიღწევა. ეკონომისტების განცხადებით, კოვიდ შეზღუდვების ყოველი მომდევნო კვირა, ეკონომიკის კვარტალურ მაჩვენებელს შეამცირებს 0.4%-ით, ხოლო წლიურს, 2%-ით. ყოველივე ეს კი გამოიწვევს 90 მილიარდი ევროს დანაკარგს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ ბელგიისთვის, ყოველკვირეული ეკონომიკური დანაკარგი, დღევანდელი მონაცემებით, 600 მლნ ევროს შეადგენს. The Lancet-ის სამეცნიერო ჯგუფის ინფორმაციით, ვაქცინის ნაციონალიზაცია, მაღალი ფასები და შეფერხებები მომარაგებაში არის მთავარი დაბრკოლებები მსოფლიოს მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში. მათივე განცხადებით, ვაქცინის დოზების 2/3 არის დარეზერვებული იმ მთავრობების მიერ, რომლებიც მსოფლიოს მოსახლეობის მხოლოდ 1/6-ს წარმოადგენენ”, – წერს უცხოური მედია.

ასევე აღნიშნულია, რომ მეცნიერების თქმით, თუ ვაქცინა ქვეყნებზე თანაბრად არ განაწილდება, პანდემიის დასრულებას წლები დასჭირდება.

„რამდენიმე მწარმოებელმა კომპანიამ, 2020 წელს დიდი შრომა გასწია და 12 თვეში შეიქმნა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, თუმცა, ამ მომენტისთვის გამოწვევას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ მსოფლიოს სჭირდება ვაქცინების დიდი რაოდენობა, რათა აცრას მოსახლეობის ის კრიტიკული რაოდენობა, რაც საჭიროა პანდემიის დასასრულებლად“, – აცხადებენ მეცნიერები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები