რაზე ესაუბრა „ფრანს-პრესს" საქართველოს პრემიერ-მინისტრი?

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვიცით, რომ ევროპა მსოფლიოში საუკეთესო ადგილია

 საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამომცემლობა AFP-თვის მიცემულ ინტერვიუში ბრიუსელში ვიზიტი შეაფასა.
,,ევროკავშირთან დაახლოება გარდაუვალია. ეს არის ერთადერთი შესაძლო გზა საქართველოსათვის, რომელსაც, უკრაინასთან შედარებით, მეტი ბერკეტი აქვს იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ზეწოლას“, – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სამშაბათს, სააგენტო „ფრანს-პრესთან“ (AFP) საუბრისას.
,,საქართველოს სურვილია, რაც შეიძლება მალე მოაწეროს ხელი ევროკავშირთან ასოციაციის ხელშეკრულებას, თუ შესაძლებელი იქნება, ამა წლის აგვისტოში“, – ხაზი გაუსვა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში, სადაც იგი ევროსაბჭოს პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუის და ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზოს შეხვდა.
საქართველო, მოლდოვასთან ერთად, ერთ-ერთია იმ ორ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის, რომლებმაც ნოემბერში, ვილნიუსში ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტზე, მას შემდეგ, რაც უკრაინამ მოულოდნელად განაცხადა უარი, ხელშეკრულების პარაფირება მოახდინეს. სანამ ხელშეკრულებას ფორმალურად მოეწერება ხელი, ამ დოკუმენტმა ჯერ იურიდიულად დასრულებული სახე უნდა მიიღოს.
J18A1356„ევროპა ერთადერთი შესაძლო გზაა ჩვენი ქვეყნისათვის. ეს არის მთავრობისა და ასევე ჩვენი ხალხის არჩევანი“, – განაცხადა  ღარიბაშვილმა და დაასახელა უახლესი გამოკითხვის შედეგები, რომელთა მიხედვითაც, ქართველების 85%-ს ევროკავშირთან დაახლოება უნდა.
„ჩვენ ვიცით, რომ ევროპა მსოფლიოში საუკეთესო ადგილია,“- განაცხადა მან.
როგორც გამოცემა წერს, ახალგაზრდა, 31 წლის პრემიერ-მინისტრი, რომელიც ამ თანამდებობაზე ნოემბერში დაინიშნა, მიიჩნევს, რომ საქართველო უკრაინასთან შედარებით ნაკლებ ზეწოლას განიცდის რუსეთის მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ევროკავშირის მიერ დაწყებულ პროცესებს ზოგადად ცუდი თვალით უყურებს.
„საქართველო რუსეთზე ნაკლებად არის დამოკიდებული. ჩვენთან შედარებით, რუსეთს უკრაინაზე უფრო მეტი პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის საშუალებები აქვს“,-  ირწმუნება იგი.
ღარიბაშვილთან შეხვედრისას ბ-ნ ვან რომპუიმ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მან წუხილი გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთმა მავთულხლართები ააგო და ამით საზღვართან გადაადგილების საშუალება შეიზღუდა.
სააგენტო „ფრანს-პრესი” წერს, რომ 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტისა და მოსკოვის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის (ორი ქართული სეპარატისტული ტერიტორია) დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ, საქართველოსა და რუსეთს შორის ფორმალური დიპლომატიური ურთიერთობები უკვე აღარ არსებობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები