უკრაინული დრონების სამიზნე როსტოვის ოლქის ნავთობის ინფრასტრუქტურა გახდა
რუსეთის როსტოვის ოლქში, ქალაქ აზოვსა და ტაგანროგში, 10 ივლისის ღამით ნავთობის ინფრასტრუქტურასა და სამრეწველო ობიექტებზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აზოვში სამიზნე ოპტიკურ-მექანიკური ქარხანა გახდა, ხოლო ტაგანროგში დრონებმა ნავთობტერმინალს დაარტყეს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, თავდასხმების შედეგად რამდენიმე ობიექტზე ხანძარი გაჩნდა, რომლის ლიკვიდაციაზეც საგანგებო სამსახურები მუშაობდნენ.
უკრაინულ მხარეს თავდასხმაზე ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინა რეგულარულად ახორციელებს დარტყმებს რუსეთის სამხედრო და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რასაც მოსკოვი საჰაერო თავდაცვის სისტემებით პასუხობს.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჭიროებებისთვის დრონებისა და მათი კომპონენტების, ასევე სხვა იარაღის მწარმოებელი ქარხნების შექმნა უკრაინაში კონფლიქტის გაჭიანურებისკენ გადადგმული აშკარა ნაბიჯია.