ხანგრძლივი „ლოქდაუნის” შემდეგ, აზერბაიჯანში მუზეუმები გაიხსნა
7 თებერვალს საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში, ზურაბ პატარაძე თანამშრომლებსა და დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად ეწვია ჰეიდარ ალიევის სახელობის ცენტრს ქალაქ ბაქოში. ინფორმაციას ეროვნული მუზეუმი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ზაჰა ჰადიდის ამ არქიტექტურული შედევრის ორ სართულზე განთავსებულია ეროვნული მუზეუმის გამოფენა „გადარჩენილი შედევრები – აზერბაიჯანული და აღმოსავლური კოლექციები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან”.
როგორც ეროვნული მუზეუმიდან იტყობინებიან, გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები სამი ძირითადი კოლექციის ნაკრებია; ეს არის გვიანირანული ხელოვნების ნიმუშები, რომლებიც ყაჯართა დინასტიის მმართველობის ეპოქაში (1785-1925) შეიქმნა, ერევნის სარდრის სასახლის კომპლექსის არტეფაქტები (XIX ს.) და ცნობილი ფოტოგრაფის დიმიტრი ერმაკოვის (1846-1916) უნიკალური ფოტოარქივი.
გამოფენა, რომელიც 2019 წლის 27 მაისს გაიხსნა და 2021 წლის აპრილამდე გასტანს, 5-წლიანი სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის დასკვნითი ეტაპია, რომელიც ეროვნული მუზეუმის, აზერბაიჯანის ხელოვნების მუზეუმისა და ალიევის საქველმოქმედო ფონდის ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.