ანრი ოხანაშვილი: ადვოკატების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება
„იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტი, რა თქმა უნდა, ადვოკატების პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერა იქნება და ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ შესაბამისი პროფესიის წარმომადგენლებთან”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორ რაჟდენ კუპრაშვილთან, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანსა და მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, კომიტეტის წევრებმა სტუმრებს გააცნეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის პრიორიტეტები, ასევე, მოისმინეს გამოწვევები იმ პროცესებთან დაკავშირებით, რა პროცესებშიც უშუალოდ ჩართული არიან ადვოკატები, ადვოკატის პროფესიის წარმომადგენლები და მედიატორთა ასოციაცია.
„ვფიქრობ, რომ საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრა იყო. ჩვენ დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. საკმაოდ საინტერესო ინიციატივები მოვისმინეთ, გავცვალეთ პოზიციები და ახლო მომავალში გვექნება შემდგომი შეხვედრა, რათა დავიწყოთ იმ კონკრეტული გეგმების განხორციელება, რომელზეც დღეს ვისაუბრეთ. მჯერა, რომ ადვოკატთა კორპუსთან საკმაოდ წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობა გვექნება”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – დავით მათიკაშვილი, კომიტეტის წევრები – გიორგი ამილახვარი და ალუდა ღუდუშაური.