ანრი ოხანაშვილი: იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მზად არის, არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა გააგრძელოს
„ჩვენი მზად ვართ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობა გავაგრძელოთ და ის კონკრეტული საკითხები, რომლებზეც დღეს ვიმსჯელეთ, უკვე მარტის თვეში კონკრეტული გეგმის სახით ერთმანეთთან შევაჯეროთ”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამოთქვეს კონკრეტული შემოთავაზებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის კანონმდებლობაში და მართლმსაჯულების სფეროში კონკრეტულ საკითხებთან მიმართებით, ასევე, საკუთარი იდეები და აზრები საპარლამენტო ზედამხედველობისა და კონტროლის გაძლიერების მიმართულებით.
„შეხვედრის მიზანი იყო ერთმანეთისთვის გაგვეცვალა პოზიციები, ერთი მხრივ, რა პრიორიტეტები და გეგმები აქვს იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და, მეორე მხრივ, რა საკითხებია არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის აქტუალური, რომელთან დაკავშირებითაც მათ მიაჩნიათ, რომ კომიტეტი უნდა იყოს ამ პროცესებში ჩართული. დღეს იყო პირველი შეხვედრა. მარტში კიდევ შევიკრიბებით და უკვე კონკრეტული მიმართულებებით განვსაზღვრავთ რომელი არასამთავრობო ორგანიზაცია რა მიმართულებით ითანამშრომლებს კომიტეტთან. აქედან გამომდინარე, მაქვს პოზიტიური თანამშრომლობის მოლოდინი”, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.