გოჩა ლორთქიფანიძე: სტრასბურგის სასამართლო მკაფიოდ აკისრებს დევნილების დაბრუნების ვალდებულებას რუსეთის ფედერაციას და ამ კონტექსტში ახსენებს ჟენევის მოლაპარაკებებს, რაც ჩვენი მიდგომის სისწორეს ადასტურებს

“სტრასბურგის სასამართლო მკაფიოდ აკისრებს დევნილების დაბრუნების ვალდებულებას რუსეთის ფედერაციას და საინტერესოა ის, რომ ამ საკითხის კონტექსტში ახსენებს ჟენევის მოლაპარაკებებს, როგორც პოლიტიკურ ფორუმს, რაც ადასტურებს ჩვენი მიდგომის სისწორეს”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ პარლამენტში ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, სამართლებრივი სტრატეგია ემყარებოდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფარგლებში სტრასბურგის სასამართლოს პრეცედენტული სასამართლო პრაქტიკის ახლებურად გააზრებასა და რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევების განგრძობადობის დასაბუთებას.

ლორთქიფანიძის თქმით, სამართლებრივი სტრატეგიის ნაწილში განსაკუთრებული აქცენტი გამახვილდა ოკუპაციაზე, ეთნიკურ წმენდასა და დევნილების დაბრუნებაზე.

„სტრასბურგის სასამართლოს მიერ „ოკუპაციის“ ცნების დამკვიდრების თვალსაზრისით ხელშესახებ შედეგს მივაღწიეთ – სასამართლოს პრეცედენტული სამართლის პრაქტიკაში პირველად მოხდა, როცა პოლიტიკური და სამართლებრივი გაგება ერთმანეთს შეერწყა და სასამართლომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საფუძველზე მყარად იმსჯელა ოკუპაციის, როგორც სამართლებრივი კატეგორიის, შესახებ. „ოკუპაცია“ გახდა „ეფექტური კონტროლის“ ტოლფარდი და, შესაბამისად, იურისდიქციისა და შემდგომ მხარე-სახელმწიფოსთვის პასუხისმგებლობის შერაცხვის საფუძველი;

ეთნიკური წმენდის თვალსაზრისით, შევისწავლეთ და პოზიციებში გავითვალისწინეთ 1994 წლის ეუთო-ს ბუდაპეშტის სამიტის დასკვნები, აფხაზეთში საქართველოს კონფლიქტის თაობაზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები ეთნიკურად მოტივირებული მკვლელობების შესახებ და, რაც მთავარია, აფხაზეთში საქართველოს ეთნიკური წმენდის შესახებ 1996 წელს გაერო-ს ოფიციალურ დოკუმენტად გავრცელებული ანგარიში.

სტრასბურგის სასამართლოს მიერ 21 იანვრის გადაწყვეტილებაში კონვენციის ცალკეული მუხლის დარღვევების ქართველების ეთნიკურ წმენდად კვალიფიკაციამ შედეგად მოიტანა ის, რომ ვამტკიცოთ შემდეგი – საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა წევრ-სახელმწიფოს გაუჩნდა სამართლებრივი ვალდებულება, არ აღიაროს საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეში დარღვევით შექმნილი ვითარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში; იგივე ეხება დევნილების დაბრუნების უფლებასაც.

სტრასბურგის სასამართლო მკაფიოდ აკისრებს დევნილების დაბრუნების ვალდებულებას რუსეთის ფედერაციას და საინტერესოა ის, რომ ამ საკითხის კონტექსტში ახსენებს ჟენევის მოლაპარაკებებს, როგორც პოლიტიკურ ფორუმს, რაც ადასტურებს ჩვენი მიდგომის სისწორეს, როდესაც თავიდანვე ვცდილობდით პოლიტიკურ და სამართლებრივ ფორმატებში პროცესების სინქრონიზება-კოორდინებას;

ამ სამართლებრივ სტრატეგიას ამყარებდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ჩვენ კოლეგა უწყებებთან ერთად მოვიძიეთ და სტრასბურგში წარვადგინეთ“, – აღნიშნა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები