მოსამართლემ 30 000-ლარიანი გირაო არ გაითვალისწინა – ფოთში მკვლელობისთვის დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ფოთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ შალვა შალიკაშვილს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
მოსამართლე ირაკლი აფშილავამ აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მიიღო. სასამართლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
ადვოკატებმა ბრალდებულის გათავისუფლების სანაცვლოდ მოსამართლეს 30 000-ლარიანი გირაო შესთავაზეს, თუმცა მან შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ადვოკატების განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონოა.
„სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. უნდა აღვნიშნო, რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება არის აბსოლუტურად უკანონო. სასამართლო და პროკურატურა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საერთოდ გასულები არიან სამართლებრივ ჩარჩოდან, აბუჩად იგდებენ ადამიანის უფლებებს. აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიღწეული არ არის, არა თუ დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი, რაც აუცილებელია აღმკვეთი ღონისძიების გამოყენებისას, არამედ საერთოდ რაიმე ღირებული ნივთმტკიცებაც მოპოვებული არა აქვთ. სენსაციური იყო როდესაც დავსვით კითხვა პროკურორის დიმიტრი ხვიტიას მიმართ, როდესაც ვთხოვეთ, რომ ბატონი მოსამართლის წინაშე დაესახელებინა თუნდაც ერთი პირდაპირი ნივთმტკიცება, პროკურორმა განაცხადა, რომ ასეთ ნივთმტკიცებას მოიპოვებენ მომავალში. ანუ, მომავლის იმედზე მოსამართლე უფარდებს პატიმრობას. სასამართლო ვერ აღმოჩნდა სათანადო სიმაღლეზე. სასამართლო დაკავებულია პროკურატურის უკანონო მოთხოვნების რეგისტრაციით. სხვათა შორის, დაკავებული ადრეც იყო ნასამართლევი. 9 წელი მოიხადა სრულიად უდანაშაულოდ ციხეში. შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიერ იქნა გამართლებული”, – განაცხადა მარლენ კაზანჩიმ.
შალიკაშვილის ადვოკატები საქმის გასაჩივრებას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ.
შეგახსენებთ, 4 თებერვალს ფოთში, შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან საკუთარ ავტომობილში, შვილის თვალწინ ახალგაზრდა მამაკაცი, გურამ ახალაია ჩაცხრილეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობის მოტივი შურისძიებაა. მკვლელობის ფაქტზე შსს-მ შალვა შალიკაშვილი ცხელ კვალზე დააკავა. მას ბრალი სსკ-ის 108-ე მუხლით აქვს წარდგენილია, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.