“ჩემთვის დეპუტატობა ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად უბრალოდ მეტი იარაღია” – ალეკო ელისაშვილი პარლამენტში სიტყვით გამოვიდა
“ჩემთვის დეპუტატობა ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად უბრალოდ მეტი იარაღია. ამ დარბაზიდან გვინდა, რომ მათი პრობლემები ისმოდეს და სწორედ ამიტომ ვართ ჩვენ აქ”, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დიახ, არჩევნები 31 ოქტომბერს გაყალბდა, მაგრამ პარლამენტში იმიტომ ვართ, რომ ეს არჩევნები იყოს საქართველოს ისტორიაში ბოლო გაყალბებული არჩევნები. ჩვენ მიერ გაფორმებული მემორანდუმი ამ ყველაფრის გარანტიაა.
მე მინდა, ვთხოვო ჩვენს კოლეგებს ოპოზიციიდან, რომ ამპარტავნულად ყველაფერს კი ნუ გვიწუნებენ და ყველაფრის წყალში ჩაყრას კი ნუ ცდილობენ. თუ არ მოსწონთ, რაც მემორანდუმში წერია, იბრძოლოთ ჩვენზე მეტად – გაცილებით მეტნი არიან. მეტი გამოგლიჯონ „ქართულ ოცნებას“ მეტად დაახევინონ უკან.
ჩვენ გვინდა, რომ ის შეთანხმება, რაც ჩვენ შორის გაფორმდა, ელექტრონული არჩევნების თაობაზე, პირველ მარტამდე კანონად იქცეს, ასევე, ვიდეოკამერებმა, თითის ანაბეჭდმა მოსპოს „კარუსელები“ და ბოლოსდაბოლოს პატიოსანი არჩევნების წესი მოგვიტანოს,“ – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.