„მისი ნაღვაწი ნათელ წინამძღვრად გამოადგება ყველას“ – ენრიკო გაბიძაშვილი 90 წლისაა
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარ მეცნიერ-თანამშრომელს, სამეცნიერო ბიბლიოგრაფიის, ტერმინოლოგიისა და საცნობარო ლიტერატურის განყოფილების ხელმძღვანელს, ენრიკო გაბიძაშვილს 90 წელი შეუსრულდა. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი მეცნიერს იუბილეს ულოცავს.
„უკვე მრავალი ათეული წელია, რაც ბატონი ენრიკო დაუღალავად იღვწის ქართული მეცნიერების სამსახურში. მისი კვლევითი ინტერესები მოიცავს ქართული სასულიერო მწერლობის თითქმის ყველა დარგს. განსაკუთრებით ნაყოფიერია მისი კვლევა ძველი ქართული ჰაგიოგრაფიის, კანონიკისა და ჰომილეტიკის სფეროში. ამ დარგებში შექმნილი მისი მრავალრიცხოვანი მონოგრაფიები ქართული ფილოლოგიური მეცნიერების ოქროს ფონდს მიეკუთვნება და სამაგიდო წიგნებადაა ქცეული ჰუმანიტარული მიმართულების მკვლევართათვის.
მათ შორისაა ისეთი ფუნდამენტური ნაშრომები, როგორიცაა: „დიდი სჯულისკანონი“, „რუის-ურბნისის კრების ძეგლისწერა“, „ძველი ქართული სვინაქსარული ჰაგიოგრაფია“, ანტონ I-ის „მარტირიკის“ კრიტიკული ტექსტი და გამოკვლევა, „თებერვლის თვის ჰაგიოგრაფიულ-ჰომილეტიკურ საკითხავთა უნიკალური კრებული“, „ორიგინალური ჰაგიოგრაფიული მწერლობის ზოგიერთი საკითხი“, „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“, „წმინდა გიორგი ძველ ქართულ მწერლობაში“, „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ენციკლოპედიური ლექსიკონი“, ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი და ორიგინალური მწერლობის ბიბლიოგრაფია შვიდ ტომად და მრავალი სხვა.
ენრიკო გაბიძაშვილის მრავალფეროვანი კვლევითი ნაღვაწი ნათელ წინამძღვრად გამოადგება ყველას, ვინც ქართული სულიერი კულტურის, მისი დიდებული ლიტერატურული ტრადიციების შესწავლას დაისახავს მიზნად.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის თანამშრომლები გულითადად ვულოცავთ ჩვენს საყვარელ კოლეგას ამ საიუბილეო თარიღს და ვუსურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას, მხნეობასა და ენერგიას, შემოქმედებით სიხარულსა და ჩვეულ ნაყოფიერებას ქართული მეცნიერებისა და კულტურის სამსახურში“, – აღნიშNულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.