გურამ მაჭარაშვილი – ის, რომ დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ და სასამართლომ ჭეშმარიტება უნდა დაადგინოს, არა მხოლოდ საპატრიარქოს, ჩემი და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის თხოვნა და მოთხოვნაა

პოლიტიკისგან აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ დავით გარეჯის საქმე, ეს არის აბსოლუტურად სხვა საკითხი, ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისა და ღირებულების საკითხი. ამას არ შეიძლება, პოლიტიკა დავუკავშიროთ, რასაც სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები მიმართავენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების საკითხზე.

„პროკურატურამ რამდენიმე დღის წინ საკმაოდ სრულყოფილად და კარგად ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია საჯაროდ, თუ რატომ მოითხოვა პატიმრობის ნაცვლად გირაო აღკვეთის ღონისძიების სახით; გამომდინარე იქედან, რომ ამ ორი მოქალაქისგან მან მიიღო სრულყოფილად ყველა ის ინფორმაცია და მტკიცებულება, რასაც თვლიდა საჭიროდ დანაშაულის დამტკიცებისთვის. მათი ინტერესის სფერო აღარ იყო ამ ორი მოქალაქის პატიმრობაში ყოფნა. რაც შეეხება გამოძიების პროცესს, ბუნებრივია, ეს გაგრძელდება და სასამართლო რა განაჩენსაც გამოიტანს, ვნახავთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის თქმით, მელაშვილმა საჯაროდ აღიარა დანაშაული, რაზეც პროკურატურა მტკიცებულებების მოპოვებას ცდილობდა.

„რაც შეეხება ივერი მელაშვილის განცხადებას, მან პრაქტიკულად საჯაროდ აღიარა რასაც ამ ხნის განმავლობაში პროკურატურა ცდილობდა, რომ მოეპოვებინა ეს მტკიცებულებები.

თავად ბატონმა ივერიმ საკმაოდ ცუდად მოიხსენია სასულიერო პირები, აღარც გავიმეორებ ამ სიტყვებს. მგონი სჯობდა, რომ ის საერთოდ არ გამოჩენილიყო საჯაროდ და პროცესი წარემართათ ადვოკატებს, ეს ჩემი აზრია. თუმცა, რომ დაზიანდა მისი ეს გამოსვლა, მხოლოდ და მხოლოდ მისი ბრალია, არავინ არ სთხოვდა მას, რომ გამოსულიყო და საჯაროდ ეღიარებინა იმ დოკუმენტის არარსებობა, რომელიც ჩვენი ქვეყნის სასარჰებლოდ იქნებოდა გამოყენებული“, – განაცხადა მაჭრააშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა დავით გარეჯის საკითხზე საპატრიარქოს განცხადებასაც.

„ის, რომ ეს საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს, პროკურატურამ და სასამართლომ საქმეზე ჭეშმარიტება დაადგინოს, არამხოლოდ საპატრიარქოს, ჩემი და საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის თხოვნა და მოთხოვნაა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები