ნათია თურნავა: ყველას ვთხოვ, რომ უსამართლო კრიტიკისა და ჩვენი საამაყო ეპიდემიოლოგების დადანაშაულებისგან თავი შეიკავონ
“ვთხოვ ყველას, რომ თავი შეიკავონ ასეთი უსამართლო კრიტიკისა და ჩვენი საამაყო ეპიდემიოლოგების დადანაშაულებისგან. მათი დამსახურებაა ის, რომ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ გახსნაზე და არა – დაკეტვაზე”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ბევრი პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადება ისმის და სურთ, დარტყმა ეპიდემიოლოგებზე მიიტანონ.
„რაც შეეხება დამოკიდებულებას ჩვენი ქვეყნის ჯანდაცვი სექტორის, ექიმებისა და ეპიდემილოგების მიმართ. ამ ბოლო დროს ძალიან დამაფიქრებელი ტენდენციები ისმის, ეს შეიძლება, იყოს გულწრფელი კრიტიკა ბიზნესიდან, რომელმაც შეიძლება, არ იცოდეს ჩვენი გადაწყვეტილების მიღების ლოგიკა, თუმცა, ძალიან ბევრი პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებაც გვესმის. სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიას, ვინც არეულობისა და ამბოხის მოსურნეა, ვისაც არ სურს ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება უნდა, რომ დარტყმა ჩვენს გმირებზე მიიტანოს, ვის მხრებზეც მთელი ეს პერიოდი ეპიდემიასთან ბრძოლამ გადაიარა. ეს არის ძალიან უსამართლობა და ვთხოვ ყველას, რომ თავი შეიკავონ ასეთი უსამართლო კრიტიკისა და ჩვენი საამაყო ეპიდემიოლოგების დადანაშაულებისგან. მათი დამსახურებაა ის, რომ ჩვენ დღეს ვსაუბრობთ გახსნაზე და არა – დაკეტვაზე“, – განაცხადა თურნავამ.