დავით ქართველიშვილი: ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს სამშობლოს უღალატა, დღევანდელი ოპოზიცია სწორედ ამ მოღალატეებისგან შედგება
ქართული ოპოზიციის ბოიკოტზე, 2024 წელს დაანონსებულ – ევროკავშირსა და ნატო-ში საქართველოს შესაძლო გაწევრიანებაზე, ამომრჩევლის განწყობებზე 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ და 2021 წლის შემოდგომაზე გასამართ ადგილობრივ არჩევნებზე ,,კვირა“ პოლიტიკურ ექსპერტ დავით ქართველიშვილს ესაუბრა:
-როგორ უნდა მოიქცეს ხელისუფლება, რომლის ოპოზიციაც ბოიკოტს უცხადებს არჩევნების გზით გამარჯვებულ მმართველ პარტიასა და ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებას?
-საქართველოში კარგა ხანია, ძლიერი ოპოზიციის პრობლემა დგას. გახსოვთ, ალბათ, როგორი ,,საუცხოო“ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა 2008 წელს, რომელსაც იმავე წელს მოჰყვა ლეგენდარული საპარლამენტო არჩევნები. მათ შედეგებს დღემდე იმკის ჩვენი ქვეყანა. იმ დროს ოპოზიციას ლეგიტიმური საპარლამენტო ტრიბუნიდან ის საკითხები რომ გაეჟღერებინა, რაც ასე აწუხებდა ქვეყანას და საჭირბოროტო პრობლემები დასავლეთის ყურამდე მიეტანა, უამრავ ნეგატივს ავარიდებდით თავს. მოგეხსენებათ, დასავლეთი მხოლოდ საპარლამენტო ტრიბუნიდან გაჟღერებულ ინფორმაციას მიიჩნევს სარწმუნოდ და არა – ქუჩას. სწორედ იმდროინდელმა ოპოზიციამ მისცა სააკაშვილის ხელისუფლებას განუკითხაობის რამდენიმე წელიწადი, რასაც მოჰყვა ძმები ახალაიების, ანუ სოდ-ისა და კუდ-ის ყველაზე დიდი და დამანგრეველი მმართველობა ქვეყანაში, დიდი სისხლისღვრა და განუკითხაობა პენიტენციურ სისტემაში. როდესაც ,,ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ იგრძნო, რომ განმკითხავი და პასუხის მომთხოვნი არავინ ჰყავდა, ქვეყანა ასეთ უბედურებაში ჩააგდო.
-21-ე საუკუნეში რას ნიშნავს მხოლოდ ერთი პარტიით დაკომპლექტებული პარლამენტი და ემუქრება თუ არა ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს საფრთხე?
-დასავლეთი აკვირდება საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს. 2024 წელს ქვეყანა აპირებს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე განაცხადის შეტანას, რაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდმნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენაა. თუ დღევანდელი პოლიტიკური მოცემულობით დავაკაკუნებთ ევროკავშირის კარზე, ჩვენს განცხადებას არც კი განიხილავენ. ხელისუფლებას, რომელსაც არ ჰყავს კონსტრუქციული, ჯანსაღი, საქმიანი, პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, დასავლეთის თვალში სრულფასოვან ხელისუფლებად არ აღიქმება, რადგან ეს ქვეყანა არ არის დასავლური ფასეულობების მატარებელი და არც იმის საშუალებას მოგვცემენ, საქართველო ერთპარტიულად შევიდეს ევროკავშირში. ოპოზიციის ბოიკოტი საქართველოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. პრობლემას ვერც პარლამენტში მექანიკურად ან დეკლარირებულად შეყვანილი პოლიტიკოსები თუ პარტიები, ერთი, ორი, სამი თუ თუნდაც 8-ვე პარტია წყვეტს. დესტრუქციულად, ანტისახელმწიფოებრივად განწყობილი ოპოზიცია, ქუჩაში თუ პარლამენტში, პრობლემას შეუქმნის ქვეყანას. ვის ვატყუებთ?
-გასაგებია, რომ ქვეყანას უნდა ჰყავდეს ჯანსაღი ოპოზიცია, მაგრამ ქვეყნისთვის ამ არცთუ სახარბიელო მოცემულობაში რა გამოსავალი არსებობს?
-ისეთი ომების დროს, როგორებიც იყო 2008-სა და 2020 წლებში, ერთ შემთხვევაში ოკუპანტთან ბრძოლა, ხოლო მეორე შემთხვევაში პანდემიის წინააღმდეგ ომი, ოპოზიცია და ხელისუფლება ერთ მხარეს, ქვეყნის სამსახურში უნდა მდგარიყვნენ. ოპოზიცია უნდა ეცადოს არა პოლიტიკური ქულების ჩაწერას, არამედ ერთადერთ მიზნად ქვეყნის მძიმე კრიზისიდან გამოყვანა უნდა დაისახოს.
-თქვენ ოპოზიციის იდეალური სურათი დახატეთ, რომელიც სანატრელი იქნებოდა დასავლური დემოკრატიისთვისაც კი…
-2008 წლის ომის შემდეგ მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეყნიდან უკანმოუხედავად გარბოდნენ. როდესაც რუსული ჯარი თბილისიდან 40 კილომეტრში იდგა და დედაქალაქის ასაღებად ემზადებოდა, წითელ ხიდზე ხელისუფლებისა და მათი ოჯახის წევრების გრძელი რიგი იყო გაჭიმული. ნაცვლად იმისა, რომ თანამოქალაქეებისთვის გმირობისა და თავდადების მაგალითები ეჩვენებინათ და ფრონტის წინა ხაზზე მდგარიყვნენ, ,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები უკანმოუხედავად გარბოდნენ სამშობლოდან. 2020 წელს საქართველო პანდემიის წინააღმდეგ იბრძოდა. ,,კოვიდ 19-ის“ წინააღმდეგ ბრძოლაც ჩვეულებრივი ომია და ბრძოლის ველზე გაუსვლელობა დღეს იმავე ღალატად ფასდება, რომელიც ,,ნაციონალურმა ხელისუფლებამ“ ერთხელ უკვე ჩაიდინა 2008 წელს. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ ამ პოლიტიკური ორგანიზაციის წევრები 2008-ში ხელისუფლებაშ იყვნენ, ახლა ოპოზიციაში არიან!
-გარდა პარლამენტის ბოიკოტირებისა, სხვა რა რეალური პოლიტიკური გეგმა აქვს ქართულ ოპოზიციას?
-ოპოზიციას პარლამენტში შესვლის უკანასკნელი კვირის უკანასკნელი საათებიღა დარჩა. 2020 წელს დაწყებულ უხილავ ომში საბედისწერო ფრონტის ხაზი ეკონომიკაზე, განათლებაზე, ჯანდაცვაზე გადის. საქართველოს მოსახლეობა ყურადღებით აკვირდება მოვლენებს. უახლოეს მომავალში თვალნათლივ დავინახავთ, ვინ მიატოვებს ბრძოლის ველს და ვინ დარჩება, მერე საგულდაგულოდ დავიმახსოვრებთ, ჩავიწერთ და გამოვაქვეყნებთ მათ სახელებს, რომ არა თუ 2021 წლის ადგილობრივ, არამედ ამის შემდეგ საქართველოში გამართულ არცერთ არჩევნებში ამ პოლიტიკურ პარტიებს მონაწილეობის უფლება აღარ მიეცეთ. მათ ქართველი ერი მოღალატის იარლიყს ჩამოჰკიდებს, რომ პოლიტიკურ ველზე ამ იარლიყით მოუწიოთ სიარული, თუმცა, ასე დიდხანს ვერ ივლიან, რადგან მათ უკან ამომრჩევლის საკმაოდ დიდი ნაწილი დგას.
-ფიქრობთ, რომ ამომრჩეველი საკუთარ ხმებს მოჰკითხავს ოპოზიციას?
-ოპოზიციურ ამომრჩეველს საქართველოს პარლამენტში მხოლოდ დესტრუქციული ძალის არჩევა რომ სდომოდა, მაშინ ყველა ,,ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერდა მხარს. საქართველოს მოსახლეობას სურდა პოლიტიკური სპექტრის გამოცოცხლება და ამიტომაც დაუჭირეს მხარი ,,ლელოს“, ,,გირჩს“, ელისაშვილს, ვაშაძეს… თუმცა, მათ საკუთარ მომხრეებს უღალატეს, რადგან ყველა ეს მცირე პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის“ ნარატიული დესტრუქციის მხარეს დადგა, მოატყუეს ასობით ათასი ქართველ ამომრჩეველი და ახალ ძალად მოაჩვენეს თავი, სინამდვილეში კი ბოლომდე სააკაშვილის მძევლებად დარჩნენ.
-როგორ მოახერხა ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამდენი პოლიტიკური ლიდერის საკუთარ ჭკუაზე ტარება?
-ფსიქოლოგიურად ძნელი ასახსნელიც კია, რა უნდა ,,აერთიანებდეთ“ პოლიტიკურ პარტიათა ლიდერებს ,,ნაცების“ ქოლგის ქვეშ. პირველი შეიძლება იყოს ფინანსები, ის ფინანსური პირამიდა, რომელიც სააკაშვილმა და კეზერაშვილმა შექმნეს და რომლიდანაც იკვებება ოპოზიციურ პარტიატა უმრავლესობა. მეორე შესაძლოა, ,,ნაციონალურ მოძრაობას“ ყველა სხვა პარტიის ლიდერზე ჰქონდეს კომპრომატების ,,პირადი არქივი“, რომლის გამომზეურებითაც საფრთხე შეექმნებათ პარტიათა ხელმძღვანლებს. მესამე, შიში ,,მთავარი არხის,, ბულინგისა და საკუთარი რენომეს დამძიმებისა. პარლამენტისკენ, კონსტიტუციისა თუ ამომრჩევლისკენ გადაგმული ნებისმიერი ნაბიჯი ,,მთავარი არხის“ მიერ ფასდება ივანიშვილის თამაშს თანამონაწილეობად. ამიტომაც, პოლიტიკურ ლიდერებს აშინებთ გვარამიას საინფორმაციო ბულინგი. შესაძლოა სამივე მიზეზი გაერთიანებულიც კი იყოს ან არსებობდეს კიდევ მე-4 ან მე-5 მიზეზიც, რომელზეც ჩვენ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, აბა, რა გითხრათ?..
-ამომრჩევლისთვის ქუჩაში დარჩენილ ოპოზიციას ჯერ უახლოესი თვეების სამოქმედო გეგმაც კი არ წარუდგენია. როგორ ფიქრობთ, ასეთი გეგმა, თუნდაც ,,ნაციონალურ მოძრაობაში,“ არსებობს?
-ერთადერთი ოპოზიციური გეგმა გაზაფხულის მოლოდინია. მათი აზრით, ხელისუფლება საგაზაფხულო გამოწვევებს ვერ გაუმკლავდება: ეკონომიკა ჩამოიშლება, მთავრობა ვეღარ აუვა სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შენახვას, შემოგვიტევს პანდემიის მე-3 ტალღა. ჯერჯერობით, სულ ესაა ოპოზიციის დესტრუქციული მოლოდინი, რა მიზეზითაც უკმაყოფილო ხალხი ქუჩაში გამოვა.
-რევოლუციური სიტუაცია ხომ მაშინ დგება, როდესაც ქვედა ფენებს აღარ სურთ ძველებურად ცხოვრება, ზედა ფენებს კი აღარ ძალუძთ ძველებურად მართვა?
-დღეის მოცემულობით, ასეთი რევოლუციური სურათი ქვეყანაში არ არის და ვერც იქნება. ,,ფეიკების,, ნარატივით ,,ნაციონალური მოძრაობა“ მხოლოდ თავისიანებს ამხნევებს და ქმნის მოლოდინს, რომ ამერიკაში პრეზიდენტი შეიცვალა, სახელმწიფო დეპარტამენტი ახლა მათთვისაც მოიცლის და საგანგებო სანქციებს დაუწესებს საქართველოს მოქმედ ხელისუფლებას. ,,გარედან“ მხარდაჭერის შემთხვევაში კი იმას გავაკეთებთ, რაც 2003 წელს ერთხელ უკვე გავაკეთეთო – აიმედებენ მხარდამჭერებს.
-შეძლებს ქართული ოპოზიცია ,,ვარდების რევოლუციის“ გამეორებას 2021 წელს?
-ვერა, რასაკვირველია. ოპოზიციას არც ქვეყნის გარედან აქვს საამისო ხელშეწყობა და არც შიგნით – რევოლუციური მზაობა. აშშ-ის გეგმებში საქართველოში რევოლუციური სცენარით მოვლენების განვითარება არ შედის. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ახლადარჩეულმა მდივანმა საქართველოს უპირობოდ დაუჭირა მხარი და სკეპტიციზმის ნატამალი არ დაუტოვა თვით სენატის წარმომადგენლებსაც კი, როდესაც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე გაუჩნდათ კითხვები. ქართული ოპოზიცია ამერიკულ განწყობებს გაუგონარ იგნორს უკეთებენ. გვახსოვს, როგორ უხაროდა ოპოზიციას ამერიკული დახმარების 15%-იანი სეკვესტრი და საკუთარი ქვეყნის შესაძლო ფინანსური დასჯა.
-ამერიკული სანქციები ოპოზიციას რაში წაადგებოდა?
-იტყოდნენ, რომ ამერიკამ დასაჯა პროპუტინისტი ივანიშვილი და აღარ გამოუყო დახმარება. დღეს ამერიკის სენატიც, ახლადარჩეული პრეზიდენტის ადმინისტრრაციაც და სახელმწიფო მდივანიც ღია მესიჯებს უგზავნის ქართულ ოპოზიციას, ნუ დაკავდებიან მსგავსი სისულელეებით და თუ ქვეყანას ნამდვილად უნდა 2024 წელს ნატო-ში რეალური განაცხადის შეტანა, შევიდნენ პარლამენტში და იქ განაგრძონ პოლიტიკური ცხოვრება.
-ერთი წუთით დავუშვათ, რომ ოპოზიციის დაანონსებული სოციალური მღელვარება გაზაფხულზე მართლაც მოხდა. რა გარანტია აქვს ოპოზიციას, რომ მოპროტესტე ელექტორატი მაინცადამაინც ,,ნაციონალურ მოძრაობას“ დაუჭერს მხარს?
-არავითარი გარანტია საამისოდ არ არსებობს. ვინმეს ჰგონია, რომ ქუჩაში გამოსული ხალხი ისევ მიშა სააკაშვილის შემობრუნებას დაუჭერს მხარს? შესაძლოა, საპროტესტო მუხტმა სრულიად წალეკოს დღეს არსებული ოპოზიციური სპექტრი და გამოაჩინოს ის მესამე ძალა, რომლის მოლოდინიც კარგა ხანია, არსებობს ქართულ პოლიტიკაში. სხვათა შორის, ახალი პოლიტიკური ძალის გაჩენის აუცილებლობაზე, პოლიტიკიდან წასვლისას, ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა. მოკლედ, დღევანდელი ოპოზიცია შიზოფრენულ ბოდვაშა. ნორმალური ადამიანისთვის ძნელია, შიზოფრენიკის ტვინში ჩაჯდე და იფიქრო ისე, როგორც შიზოფრენიკმა. ქართველი ამომრჩეველი მეტს იმსახურებს.