სოციალური მედიის გამოყენების საქმეში, Meta და Alphabet-ი დაუდევრობისთვის დამნაშავედ ცნეს და 6 მილიონი დოლარით დააჯარიმეს

აშშ-ში ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ ტექნოლოგიური კომპანიები Meta და Alphabet-ი სოციალური მედიის გამოყენებასთან დაკავშირებულ საქმეში პასუხისმგებლებად ცნო და მათ საერთო ჯამში დაახლოებით 6 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

საქმე ეხებოდა ბრალდებებს, რომლის მიხედვითაც კომპანიებმა შექმნეს და განავითარეს პლატფორმები, რომლებიც მომხმარებლებში, განსაკუთრებით არასრულწლოვნებში, დამოკიდებულების გამომწვევ მექანიზმებს შეიცავდა, თუმცა მომხმარებლები შესაბამისი რისკების შესახებ სათანადოდ არ გააფრთხილეს.

ექვსკვირიანი სასამართლო პროცესის განმავლობაში, რომელიც ლოს-ანჯელესის უზენაეს სასამართლოში გაიმართა, ნაფიცმა მსაჯულებმა Meta-სა და YouTube-ის ( რომელიც Alphabet-ის დაქვემდებარებაშია) მაღალი თანამდებობის პირების, ინფორმატორების, სოციალური მედიისა და დამოკიდებულების საკითხებში ექსპერტების და სასამართლო პროცესის ცენტრში მყოფი 20 წლის ქალის ჩვენებები მოისმინეს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანიების ქმედება შეფასდა როგორც დაუდევრობა, რაც გულისხმობს, რომ მათ ვერ უზრუნველყვეს მომხმარებელთა დაცვა პოტენციური ზიანისგან.

„ჩვენ არ ვეთანხმებით განაჩენს. მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობა ღრმად კომპლექსურია და არ შეიძლება მისი დაკავშირება ერთ აპლიკაციასთან“, – განაცხადა “მეტას” პრესსპიკერმა.

YouTube-ის წარმომადგენელმა, ხოსე კასტანედამ, განაცხადა, რომ ვიდეო სერვისიც არ ეთანხმება განაჩენს და სააპელაციო საჩივარს გეგმავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები